ახალი ამბები

“ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა” – ხიდაშელი

14 ოქტომბერი, 2020 • 1821
“ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა” – ხიდაშელი

დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში სთხოვა.

ხიდაშელი “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მათ შორის, ასახელებს სატელეკომუნიკაციო, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ხიდაშელი აცხადებს, რომ პირველად “ქართული ოცნების” დამფუძნებელს 2017 წელს შეხვდა და სწორედ მაშინ გაიცნო:

“2017 წელს შევხვდი პირველად, მაშინ გავიცანი. ხშირი კონტაქტი არ მქონია. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან, დავითგარეჯთან დკავშირებით პრობლემა შეიქმნაო. მთხოვა, რუკა მომეძიებინა. დაურეკე ღარიბაშვილს, მან იცის დეტალებიო. რომ ვიცი, რა საშუალებები და რესურსები აქვს ბიძინა ივანიშვილს, გამიკვირდა, როგორ შეიძლება მოეთხოვა შვეიცარიაში მაცხოვრებელი ვიღაც ქართვლეისთვის დახმარება” ,- ამბობს ხიდაშელი “რუსთავი 2-თან”.

მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაურეკა, რომელმაც უწყების კარტოგრაფიული სამსახურის ნომერი მისცა და უთხრა, რომ დეტალებს ისინი მოუყვებოდნენ. თუმცა გმაომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, ტელეფონში ვრცლად საუბრისგან ყველა თავს იკავებდა და თავადაც საქართველოში არ იმყოფებოდა, დახმარება მეგობარს, ბეჟან მაისურაძეს სთხოვა:

“მე დავრწმუნდი, რომ დავიწყე ჩაძიება, ფულით ეს საქმე ასე იოლად ვერ გადაწყდებოდა. დავურეკე ღარიბაშვილს, მან მომცა კარტოგრაფიული სამსახურის ნომერი და მითხრა, ისინი მოგიყვებიან დეტალურად, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებსო. ბეჟან მაისურაძეს ვთხოვე, თუ შეიძლება, თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე, გაიგო რა უნდათ და გამოართვა საბუთები, ვინაიდან ტელეფონში არ მელაპარაკებიან” ,- ამბობს ხიდაშელი “რუსთავი 2-თან”.

ხიდაშელის თქმით, მისთვის ასევე არ არის ცნობილი, არის თუ არა მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული პირი და აღნიშნავს, რომ ასეც რომ იყოს, არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციის წამოღება და მისთვის გადაგზავნა სთხოვა:

“იგორ გიორგაძესთან  ფონდი “თანამემამულის” დაფუძნებაზე პირველად გავიგე  და, მე მგონი, თვითონაც არ ახსოვდა მაგის შესახებ. მე რაც ვიცი, 20 000 ბეჟან მაისურაძეა საქართველოში. ჯერ არ მისაუბრია, გზაშია და რომ ჩამოვა გავესაუბრები. არ მაინტერესებს, გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი, ვთხოვე მეზობელს, მისულიყო და გადმოეცა ჩემთვის ეს დოკუმენტაცია. როგორც ვიცი, შეხვდა კარტოგრაფიის სამსახურს, გადმოსცეს რამდენიმე საბუთი და რუკა, რომელიც გამომიგზავნა”, – ამბობს ხიდაშელი. 

მისი თქმით ამის შემდეგ მასალების მოძიება დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გადასცა.

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი