ახალი ამბები

ზოგიერთი პირი სერვისების ჯავშნებს ყიდდა, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის წესს ვცვლით: იუსტიციის სახლი

10 ოქტომბერი, 2020 • 1289
ზოგიერთი პირი სერვისების ჯავშნებს ყიდდა, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის წესს ვცვლით: იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლის თანახმად, რამდენიმე პირი სერვისების წინასწარი დაჯავშნის პრინციპს არაკეთილსინდისიერად იყენებდა. უწყების ცნობით, ისინი ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდნენ და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდნენ იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ. ამის გამო, იუსტიციის სახლი დაჯავშნის წესს ცვლის.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 5 მაისიდან, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურებოდა. კერძოდ, შესაბამისი სერვისის მისაღებად პირი ვიზიტს ჯავშნიდა მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ზე, რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მას მისდიოდა ვიზიტის დრო, ადგილი და სერვისის მისაღებად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდი.

“აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე [ჯავშნის არმოქნე] მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ. ზემოაღნიშნულის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის თქმით, ამ დრომდე my.gov.ge-ზე გაკეთებულ ყოველ კონკრეტულ ჯავშანს თავისი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი ჯავშნის მფლობელი არსებული ჯავშნის გაუქმების ხარჯზე ათავისუფლებდა კალენდარში მის მიერ დაკავებულ დროს, და ქმნიდა სხვისი მონაცემებით შედგენილ ახალ ჯავშანს.

“ახლა კი სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი. ამ ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება – ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას”, – წერს იუსტიციის სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი