ახალი ამბები

სასამართლომ მელაშვილს და ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

8 ოქტომბერი, 2020 • 1468
სასამართლომ მელაშვილს და ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების გადამალვის საფრთხე.

სხდომის დასაწყისში ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა იმ არგუმენტით, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები დღის მეორე ნახევარში გადაეცა და დაცვის მხარეს ფიზიკურად არ ჰქონია შესაძლებლობა, 7-ტომიანი საქმის მასალებს გასცნობოდა 1,5 საათში. მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდებულთა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თქვა რა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ასევე, გულმოდგინების შემთხვევაში საქმის მასალების გაცნობა არსებულ დროში შესაძლებელი იყო, როგორც ეს მოახერხა სასამართლომ, რომელსაც მასალები ადვოკატების შემდეგ გადაეცათ.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი