საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ, სფეროში.
„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.
ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.