ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლას ხვალ გეგმავს

8 ოქტომბერი, 2020 • 1026
აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლას ხვალ გეგმავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ციხიდან რადენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, თბილისში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტი “ფეისბუკ” გვერდზე წერს, საქართველოში ხვალ, 9 ოქტომბერს ჩამოფრინდება და პროკურატურაში გამოკითხვაზე გეგმავს მისვლას.

მუხთარლი — პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

ნეტგაზეთის ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან ციხისა და აზერბაიჯანის დატოვების შემდეგ.

საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა კავკასიაში – ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან

მასალების გადაბეჭდვის წესი