ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა კავკასიაში – ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან

23 მარტი, 2020 • 761
საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა კავკასიაში – ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან

ესაუბრა ჟურნალისტი გუნელ მევლუდი


რამდენიმე დღის წინ პოლიტპატიმარმა, ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხე დატოვა. სურახანის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის სასჯელი პირობითი ვადით შეუცვალა. ჟურნალისტი საპატიმროს დატოვებისთანავე  სპეციალური რეისით ბერლინში გაამგზავრეს. 

2014 წლიდან აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ოჯახით საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, საიდანაც 2017 წლის 29 მაისს ის გაიტაცეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. აზერბაიჯანში მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეთის, კოტრაბანდისა და პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის მუხლებით წაუყენეს. სასამართლომ მას 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მუხთარლი პოლიტიპატიმრად სცნეს. 

მუხთარლი ამჟამად ოჯახთან ერთად ბერლინში იმყოფება და ნეტგაზეთის კითხვებს პასუხობს:

აფგან, თბილისში ცხოვრების დროს საქართველოს ხელისუფლებიდან ან სპეცსამსახურებიდან ვინმესთან რაიმე კვეთა თუ გქონია?

არა, არანაირი, თუმცა 2016 წლის ზაფხულში ჩემა ცოლმა, ლეილამ საქართველოს ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე უარი მიიღო. უარის მიზეზად მითითებული იყო, რომ ის საქართველოსთვის და მისი ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს . ასევე, მითითებული იყო ტერორიზმის საფრთხეც.

ხვდებოდით თუ არა რომ გითვალთვალებდნენ?

დიახ, და არა მხოლოდ მე, ყველა აზერბაიჯანელ აქტივისტსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს უთვალთვალებდნენ, ვინც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა. თვალთვალს აზერბაიჯანის საიდუმლო დანაყოფები ახორციელებდნენ. ზოგიერთ “აგენტს” სახეზეც ვცნობდით. 

ჩვენს ცხოვრებას ყოველდღე აკონტროლებდნენ. ჩვენი ტელეფონები, შეხვედრები, ოფისები, სადაც დავდიოდით, კაფეებიც კი, სადაც მეგობრები ჩაის ვსვამდით, მეთვალყურეობის ქვეშ იყო მუდმივად.

საქართველოს პოლიციისთვის ამ საკითხზე მიგიმართავთ? 

პირადად მე, არ მიმიმართავს, მაგრამ საჩივრით მიმართა გულნურ ქიაზიმოვამ, ჟურნალისტმა, რომელიც 2016 წლამდე თბილისში ცხოვრობდა. მან ქართულ პოლიციას წარუდგინა ფოტოები იმის მტკიცებულებად, რომ მას უთვალთვალებენ. საბოლოოდ, საქმე “ჩაფარცხეს”, ისევე როგორც სხვების საქმეები, მაგალითად, აქტივისტ დაშგინ აღალარლის, ასევე, ვიდადი ისკანდერლის, რომელსაც თბილისში თავს დაესხნენ. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ქართული პოლიცია მის აზერბაიჯანელ “კოლეგებთან” თანამშრომლობდა და ჩივილის აზრსაც ვერ ვხედავდი. 

როგორც ფიქრობთ, მაინცმდაინც თქვენ რატომ გაგიტაცეს და არა სხვა კრიტიკულად განწყობილი აქტივისტი ან ჟურნალისტი, ვინც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა ასევე?

სწორედ მე ვიძიებდი მაშინ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნესს, პირდაპირი კავშირი მქონდა “კრიტიკულ” უცხოურ პრესასთან. თუ სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებით იფარგლებოდნენ, მე მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ყველასთან, ვჩანდი, ვიღებდი საქართველოში პოლიტპატიმართა ოჯახებს, ვეხმარებოდი მათ პრობლემების გადაჭრაში და შესაბამისად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მე ვარ საქართველოში ამ ადამიანთა ჯგუფის ბირთვის ლიდერი

თუმცა, თბილისში 2014 წლიდან ცხოვრობდით. სამი წელი რას უცდიდნენ? მაინც რა მოხდა 2017- ში?

ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა და ამაში თავად აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები გამომიტყდნენ დაკითხვის დროს. 2014 წელს, როდესაც თბილისში ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების, ჟუნრალისტების, ხელოვანების თავმოყრა დაიწყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თბილისში ჯაშუშები გამოგზავნა. მათ კი, ვინც ამას ხელმძღვანელობდა თბილისში, რაღაც პერიოდში დაადგინეს, რომ არანაირი ორგანიზებულობა არ არსებობდა, არც რამე გეგმა და პრესაში მასალებისა და საპროტესტო აქციების გარდა, ეს ხალხი სხვა არაფრით იყო დაკავებული. მაგრამ ბაქოში ინფორმაცია სხვანაირად მიაწოდეს. 

იმისთვის, რომ “ჯაშუშთა ოპერაციისთვის” ფულის გამოყოფა გაგრძელებულიყო, თბილისიდან მათ ძალიან მძაფრი ანგარიში დაწერეს, თითქოს თბილისში არსებობს აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიწისქვეშა საქმიანობას ეწევა და ერთ მშვენიერ დღეს ეს ჯგუფი საიდუმლო გეგმით აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაიკავებდა. 

მთელი ეს ლეგენდა გამოგონილი იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული მიეზიდათ ბაქოდან და ამას მიაღწიეს კიდეც. ხელისუფლება აგრძელებდა დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვას თბილისში საკუთარი ჯაშუშების შესანახად, რომლებიც საკენკს უყრიდნენ ბაქოს ცრუ ინფორმაციის სახით. და უკვე მაშინ, როდესაც ამ აგენტურის ფანტაზიები ზღვარს გადაცდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა შესაძლო საშუალებით თბილისიდან ჩემი გატაცება და დაპატიმრება.

ამ ოპერაციისთვის ძალიან ბევრი იყო გამოყოფილი და როგორც ხელისუფლების “ხალხმა” მითხრა “ქართველებს 3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს”. 

ციხეში როგორ გეპყრობოდნენ? ადვოკატებისგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხშირად ირღვეოდა თქვენი უფლებები

ციხეში პოლიტპატიმრების მიმართ დამოკიდებულება დამოკიდებულა იმაზე, რას უბრძანებენ ზემოთ. ჩემ მიმართ დამოკიდებულება ნორმალური იყო. პირველ ორ იზოლატორში პირობები მისაღები იყო. ბოლო ციხეში კი ყველასთვის ერთნაირად საშინელი პირობები არსებობდა: სიმჭიდროვე, უჰაერობა, საშინელი სუნი, საკვები. 

ახლობლებთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ გქონდათ?

მხოლოდ ოჯახის წევრებთან – დედა, ძმები და დები. დანარჩენებს აკრძალული ჰქონდათ მოსვლა. არ მოდიოდა ჩემამდე წიგნები, წერილები და ღია ბარათები, რომელსაც მორალური მხარდაჭერისთვის მეგობრები მიგზავნიდნენ. მხოლოდ ახლა ვიგებ, რომ ასობით წერილსა და მილოცვას მიგზავნიდნენ. 

საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავთ?

ახლა ექიმთან კვლევები უნდ გავიარო, რომ გავიგო, როგორია ჩემი ჯანმრთელობა. ჯერჯერობით კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა.

მაგრამ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, მე დავბრუნდები საქართველოში, სადაც ჩემს საქმეზე ჩვენებას მივცემ. მოგეხსენებათ, საქართველოში საქმეა დაწყებული და აქამდე აპელირებდნენ იმაზე, რომ თავად მუთხარლისგან ჩვენების მიღებას ვერ ახერხებდნენ.

მე ვფიქრობ, ამ სირცხვილის შემდეგ, საქართველო ვერ შეძლებს, არ შემიშვას და ანდა იგივე დამმართოს, რაც სამი წლის წინ. მაგრამ საქართველოში ცხოვრებას არ ვაპირებ, რადგან იქ უკვე უსაფრთხოდ თავს ვეღარ ვიგრძნობ.

გაიგებდით, როგორი რეაქციაც ჰქონდა ქართულ საზოგადოებას თქვენი გატაცების შემდეგ? რას იტყვით ქართველი კოლეგების მხარდაჭერაზე? 

სხვათაშორის, ამის ცალკე აღნიშვნა მინდა. ძალიან მადლიერი ვარ ქართველი კოლგების, ახალგაზრდული მოძრაობების, ადვოკატების, რომლებიც მთელი ეს წლები აქტიურად საუბრობდნენ ჩემს საქმეზე და მიცავდნენ, ასევე მადლობელი ვარ რიგითი მოქალაქეებს საქართველოში, რომლებსაც ტელევიზიით ჰქონდათ ინფორმაცია, არ გაჩუმდნენ და ითხოვდნენ საკუთარი ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას. 

საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მთელ კავკასიაში და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებით ყველაზე წინ არიან. 

იმის თქმაც მინდა, რომ საქართველო ჩემთვის ისეთივე სამშობლოა, როგორც აზერბაიჯანი. მე იქ ძალიან კომფორტულად ვიყავი, განსაკუთრებით თბილისში. მე ზაქათალადან ვარ და ეს ბევრად ახლოსაა თბილისთან, ვიდრე ბაქო. თბილისთან არის ასევე დაკავშირებული ჩემი ბავშვობისა და შემდეგი წლების მოგონებები და ჩემი გატაცების ფაქტმა ჩემს გრძნობებზე გავლენა ვერ იქონია.

რას გეგმავთ ახლა? ბერლინში ამჟამად ბევრი აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი ცხოვრობს. გააგრძელებთ ემიგრირებული ოპოზიციის ლიდერის საქმიანობას? 

არც აქ ვისხდებით ხელდაკრეფილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ, ჩვენი საქმე აზერბაიჯანის დემოკრატიისთვის ბრძოლაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი