ახალი ამბები

“უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა” – ზალკალიანი ელჩ გიგიაძეზე

8 ოქტომბერი, 2020 • 1415
“უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა” – ზალკალიანი ელჩ გიგიაძეზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაკვირვებულია დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის მხრიდან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების გამო.

“ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩი როდესაც რამე სახის განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რა მდომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე… ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ეს განცხადება “ფეისბუქ” პოსტის სახით გამოაქვეყნა. ალბათ, ეს მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გიგი გიგიაძესთან აუცილებლად შედგება კომუნიკაცია და მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია გამოძიების შესახებ.

“სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და გვექნება ამ თემაზე საუბარი. ვინ თუ არა, პირველ რიგში, მე ვწუხვარ ამაზე, როგორც ამ უწყების ხელძღვანელი, როგორც  ადამიანი, რომელსაც 28-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ამ სტრუქტურაში და ვფიქრობ, რომ გამოძიება ყველა არსებულ კითხვას შესაბამის პასუხს გასცემს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება მისთვისაც ემოციური იყო.

“ეს პირადად ჩემთვისაც და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად ძალიან რთულად აღსაქმელი იყო. ჩვენ ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანაშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პროცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგანაც მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, მათი უფლებები დაცული იყოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

საქართველოს ელჩმა დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საჯაროდ და მისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდა.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – დაწერა გიგიაძემ სოციალურ ქსელში.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი