ახალი ამბები

აზერბაიჯანთან საზღვრის გავლებაზე გამოძიება საშინაო საქმეა – გახარია

8 ოქტომბერი, 2020 • 1255
აზერბაიჯანთან საზღვრის გავლებაზე გამოძიება საშინაო საქმეა – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის გავლების საკითხზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიება ქვეყნის შიდა საქმეა და სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობებზე არ აისახება. გახარია ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

“არ წყდება საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ მიუღებელი და დაუშვებელია. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძლედება ნებისმიერ შემთხვევაში. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ და ყველას მოუწოდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხის პოლიზებისგან თავი შეიკავონ.

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

გამოძიების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქართული მხარე შეეცდება, გადაიხედოს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის შესახებ წინასწარი შეთანხმებები.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი