ახალი ამბები

ვეცდებით, გადაიხედოს აზერბაიჯანთან წინასწარი შეთანხმებები – ზალკალიანი

7 ოქტომბერი, 2020 • 1036
ვეცდებით, გადაიხედოს აზერბაიჯანთან წინასწარი შეთანხმებები – ზალკალიანი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს და სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქართული მხარე შეეცდება, გადაიხედოს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის შესახებ წინასწარი შეთანხმებები.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ  აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე მიმდინარე გამოძიება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

“აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, დიახ, ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან, მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა, რომ გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია”, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა.

“მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო დასკვნები და შესაბამისი განმარტებები მივეცით, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედა და არანაირად ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური და სრული გაგება ჰქონდა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა მოსაზრებებს, რომ მიმდინარე პროცესი დააზიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს, ასევე თქვა, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია ბმა დღეს სამეზობლოში მიმდინარე კონფრონტაციასთან.

“ეს პროცესი აზერბაიჯანელ კოლეგასთან იყო იმ დღეებში, როცა საერთოდ არ იყო კონფლიქტი დაწყებული. ასე რომ, რასაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ვისმენთ, არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება”,  – დასძინა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს არაფერი უთქვამს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის დაკავებაზე, რომელიც ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი