ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებისთვის აკრიტიკებს

7 ოქტომბერი, 2020 • 1762
ოპოზიცია ხელისუფლებას მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებისთვის აკრიტიკებს

საქართველოს პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე ორი პირი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. ორივე მათგანი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტები იყვნენ და ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებში მუშაობდნენ. მათი დაკავების ფატქს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიას  სურს, მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

“აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ბინძური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, საერთოდ არ მაინტერესებს, რა მიზნით, თუმცა ფაქტია, რომ პატიოსან ადამიანებს წირავენ პოლიტიკური მიზნებისთვის. სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია ამ საქმეს. ამ ადამიანებმა ძალიან მარტივად და გასაგებად ახსნეს, რომ აბსურდია ამ რუკაზე აპელირება, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ სენსიტიურ თემაზე წინასაარჩევნო მიზნით. ახსნეს მათ შორის სამართლებრივად და დიპლომატიურად”, – განმარტა ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ხოშტარიას თქმით, ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები წინა პლანზე წევენ ისეთ საკითხებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან ამომრჩევლისთვის “სათქმელი არაფერი აქვთ”.

ამასთან, ხოშტარიას თქმით, ამ სამქეში საყურადებოა ისიც, რომ რეალურად, მელაშვილისა და ილიჩოვას მონაწილეობით აზერბაიჯანისთვის არავითარი მიწების გადაცემა არ მომხდარა და მათი დაკავება მყარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არის უდიდესი დარტყმა სახელმწიფო მოხელეებისთვის, ვინც წლების განმავლობაში “თავგანწირვით, პროფესიონალიზმით და მეცნიერული ცოდნით” მუშაობდნენ ამ საკითხზე.

“ეს არის 1937 წლის რიტორიკა, რომ ხელისუფლებას ვინც მოუნდება, იმას დაიჭერს, რადგან “მათი საქციელი ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს”. ამ ადამიანებმა დაასაბუთეს, რომ ამ რუკას არ გააჩნდა არც სამართლებრივი, არც მეცნიერული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მათ შორის არც კარგი არ იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. დაასაბუთეს, რომ ამ რუკით მოლპარაკებებში შესვლა იქნებოდა წამგებიანი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების ფაქტს საკუთარი ფეფისბუკ გვერდის საშუალებით გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილიც. მისი თქმით, კომისიის წევრების დაკავება სააკაშვილისგან მტრის ხატის კიდევ ერთხელ შექმნის მცდელობაა.

“ხელისუფლებავ! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა. საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით”, – წერია ბერძენიშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, 2007 წელს პარლამენტში “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელები მოიწვია. დახურულ სხდომაზე კი სწორედ დავითგარეჯის მიმდებარე და სხვა სასაზღვრო ტერიტორიებზე ისაუბრეს, სადაც “არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა”, – წერს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის თქმით ,”ივანიშვილის ეს ქმედება” სამარცხვინო და სახიფათოა.

აღნიშნულ საკიხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა “ლელოს” წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემაც. ჩიხრაძის თქმით, დავითგარეჯის თემა საქართველოსთვის ძალიან სენსიტიურია და ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს.

“გარეჯის თემა პერიოდულად მწვავდებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ გამწვავდა, როდესაც კახა კალაძემ გაზპრომთან დაიწყო ისეთი მოლაპარაკებები, რომელიც აზერბაიჯანის ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებში არ შედიოდა”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ის კომისიის შექმნის საწყის ეტაპზე მონაწილეობას იღებდა კომისიის სხდომებში და შეხება ჰქონდა სხვადასხვა დოკუმენტებთან. ჩიხრაძის განმარტებით, სულ იყო საუბარი იმაზე, რომ არსებობდა კიდევ რაღაც დოკუმენტები, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ისინი არ გამოჩენილა.

“იყო საუბარი 1938 წლის ნაცვლად 1937 წლის რუკაზე, რომელიც სადავო რუკა იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ ვინმეს სურს დავითგარეჯთან მიმართებაში სიმართლის გარკვევა და ამ საკითხის გადაწყვეტა სურს ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, ეს არ შეიძლება გაკეთდეს წინასაარჩევნო პერიოდში. და სად იყო ამდენ ხანს პარლამენტი, რომელსაც უნდა აწუხებდეს ეს თემა, რატომ არ მოითხოვეს დახურული სხდომა?”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და მსგავსი საკითხები ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა გადაწყდეს.

მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების ფაქტის შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფიგნზე კომენტარი გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. ვაშაძის თქმით, ამ ნაბიჯით მთავრობამ “შოუ დადგა” და “უნდათ, რომ ყველამ ვისაუბროთ ამ აბსურდზე”.

“მე მათ მოვთხოვო საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, ჩართონ ამაში დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას თავს არიდებენ, უნდათ, რომ ცალ კარში ითამაშონ ისევ და ისევ. არ გაუვათ. ისაუბრეთ შიმშილზე და გაჭირვებაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების საკითხს დღეს “ქართული ოცნების” წევრებიც გამოეხმაურნენ. პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით აღნიშნული საქმე მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

“ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად, ვიმეორებ – ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ საზღვართან დაკავსირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.


გენერალურ პროკურატურაში 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, პროკურატურის განცხადებით, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებაში”.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და “არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”.

 

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი