ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრეზიდენტი გმობს დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოს გახსნას

6 ოქტომბერი, 2020 • 6887
პრეზიდენტი გმობს დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოს გახსნას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირიაში „აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა“ საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2020 წლის 6 ოქტომბერს კი დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩო გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ამბავს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა:

„აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა სირიაში წარმოადგენს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას. საერთაშორისო საზოგადოება გმობს და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

დე ფაქტო საელჩოს გახნა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკრიტიკა და უწოდა „იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს“ და რითაც „კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ისლამური სახელმწიფოს შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში.

რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

თბილისი სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოს გახსნას გმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი