ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოს გახსნას გმობს

6 ოქტომბერი, 2020 • 1177
თბილისი სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოს გახსნას გმობს

საქართველო განცხადებას ავრცელებს სირიის არაბულ რესპუბლიკაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ საელჩოს გახსნა არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.

“სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ, ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი გამოთქვამს იმედს, რომ მას შემდეგ, რაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დასრულდება, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება და აღნიშნული გადაწყვეტილებაც გადაიხედება.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და, ამავდროულად, ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.”

დამასკოში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩო დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა აფხაზური დელეგაციაც, რომელიც სირიაში 4 ოქტომბერს ჩავიდა. დელეგაციას ხელმძღვანელობს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს მაშინ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ისლამური სახელმწიფოს შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი