ახალი ამბები

გრიპის ვაქცინა არ იშოვება – როდიდან შეივსება მარაგები?

6 ოქტომბერი, 2020 • 2962
გრიპის ვაქცინა არ იშოვება – როდიდან შეივსება მარაგები?

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ხელმისწავდომი არ არის. ვაქცინის მარაგთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა ინფორმაცია გადაამოწმა მსხვილ სააფთიაქო ქსელებში: ავერსში, პსპ-ში, ფარმადეპოში, ჯიპისისა და იმპექსში.

ავერსში აცხადებენ, რომ ვაქცინა შეკვეთილი აქვთ და მის მიღებას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან. ჯიპისიში კი ამბობენ, რომ ქსელში გრიპის საწიააღმდეგო ჰოლანდიური ვაქცინა ჰქონდათ, რომლის მარაგიც ამოიწურა და ახლა “ვაქსი-გრიპის” ვაქცინას ელოდებიან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმდინარე მარაგთან დაკავშირებით ანალოგიური პასუხები აქვთ ფარმადეპოსა და იმპქესშიც.

ამ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის არც ისეთ მხსვილ სამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა ევექსი, ნიუჰოსპიტალი, ავერსის კლინიკა და იმუნიზაციის ცენტრი.

როგორც ევექსის კლინიკაში ამბობენ, პირველ ეტაპზე სამკომპონენტიანი ვაქცინით აცრა მათ მოახერხეს, ვინც ვაქცინის შემოტანის დღესვე ჩაწერა და შესაბამისი პროცედურების გავლა მოასწრო. მათივე თქმით, დაახლოებით ნოემბრისთვის ოთხკომპონენტიან ვაქცინას ელიან.

ნიუჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ვაქცინას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ელოდებიან. ორშაბათიდან შემოვა ვაქცინა იმუნიზაციის ცენტრშიც, სადაც მისი ღირებულება 50 ლარი იქნება და ვაქცინაციის მსურველებს ცოცხალ რიგში ჩადგომა მოუწევთ.

იმის გასარკვევად, ხომ არ აპირებს სახელმწიფო, კერძო კომპანიებს ვაქცინის შემოტანაში დაეხმაროს, ნეტგაზეთი ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებისთვის უფასო ვაქცინის შემოტანას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, რისკჯგუფების ასაცრელად ვაქცინის 135 000 დოზა შეიძინა სახელმწიფომ. როგორც ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას დღე-დღეზე ელოდებიან. ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამრელიძემ კი რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სახელმწიფო ცდილობს კიდევ იყიდოს ვაქცინის ორმაგი დოზა.

” სერიოზული დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე გრიპის ვაქცინის. რა თქმა უნდა, სასურველია გრიპის ვაქცინა და ჩვენ ვცრით ძირითადად რისკჯგუფებს”, — აცხადებდა გამყრელიძე.

NCDC-ში ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ვაქცინის გაორმაგებული დოზის შეძენას შეძლებს, პირველ ეტაპზე ისევ რისკჯგუფებისთვის იქნება გათვლილი. რისკჯგუფებს კი განეკუთვნებიან სხვადასხვა ქრონიკული დააავდებების მქონე პაციენტები, რომლებიც თუნდაც სეზონური გრიპის ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.


ექიმების შეფასებით, მიმდინარე წელს გრიპის ვაქცინის გაკეთებას განსაკთრებული ყურადღება ენიჭება, რადგან სეზონურ გრიპსა და ახალ კორონავირუსს სიმპტომების ნაწილი საერთო აქვს, რამაც, შესაძლოა, სამედიცინო სექტორს გაურთულოს ამ ორი ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ერთმანეთისგან გამორჩევა. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორს არ აქვს გამოცდილება, რას გამოიწვევს ორივე ვირუსის ერთდროული გავრცელება და როგორი დატვირთვა ექნება ჯანდაცვის სისტემას.

გრიპის ვაქცინაცია: როდის ავიცრათ, რამდენჯერ და რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი