ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ გადადგომას აპირებდა

6 ოქტომბერი, 2020 • 2457
თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ გადადგომას აპირებდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, “TV პირველის” ეთერში დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გადადგომას აპირებდა. მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება და დარჩა თანამდებობაზე.

“მქონდა რაღაც ჩემი, პირადი მოსაზრებები. ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები და არ არის იშვიათი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ ჯობია, გადადგეს. რატომ, არ დავაზუსტებ.

თუ რატომ შევცვალე გადაწყვეტილება: შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, რომ ახლა, როდესაც არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე”, – აღნიშნა მან.

ცერცვაძის თქმით, გადადგომის სურვილი მთავრობასთან დაპირისპირებას არ უკავშირდებოდა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად მანვე აღნიშნა, რომ არაერთი შეხვედრა ჰქონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თუმცა გადადგომის გადაწყვეტილების შეცვლა ამ ფაქტთან კავშირში არ არის.

თენგიზ ცერცვაძემ ამავე ინტერვიუში დაადასტურა, რომ ადრეც დაუწერია განცხადება გადადგომის თაობაზე, თუმცა მაშინ მიზეზი იყო სხვა; კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და შენობის საკითხი.

ცერცვაძის თქმით, “წინასწარ ვერ იტყვის”, გადადგება თუ არა პანდემიის კრიზისის დასრულების შემდეგ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში ცნობები პირველი ოქტომბრის დილიდან ვრცელდებოდა. დღის ბოლოს საავადმყოფოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დირექტორი თანამდებობაზე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი