ახალი ამბები

EU: სამწუხაროა, რომ საქართველო არ დაელოდა მოსამართლეთა შერჩევაზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას

5 ოქტომბერი, 2020 •
EU: სამწუხაროა, რომ საქართველო არ დაელოდა მოსამართლეთა შერჩევაზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსამსახური საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირში წუხან იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.

“საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და სხვა დამკვირვებლებმა არაერთგზის გამოხატეს შეშფოთება ამ პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

დასანანია, რომ პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნული კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის იმ სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც თავად მოითხოვა და რომლის[გამოქვეყნებაც] უახლოეს დღეებში ელიან. ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა უფრო დიდი საზოგადოებრივი ნდობისა ამ პროცესში”, – აღნიშნავს ბორელის პრესსპიკერი.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი კანონმდებლობას ვენეციის კომისიის ზემოაღნიშნული მოსაზრების მიხედვით შეაფასებს. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ შერჩევის პროცესის წესებს საქართველო  სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე განიხილავს.

კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ცვლილებებს ეხებოდა, პარლამენტმა გასულ კვირას, 83 დეპიტატის მხარდაჭერით დაამტკიცა.

კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას ავალდებულებს, ხოლო კანდიდატს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას აძლევს.

ნეტგაზეთის არქივიდან:

ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი