ახალი ამბები

ნობელის პრემია გადაეცათ მეცნიერებს, რომლებმაც C ჰეპატიტი აღმოაჩინეს

5 ოქტომბერი, 2020 • 1137
ნობელის პრემია გადაეცათ მეცნიერებს, რომლებმაც C ჰეპატიტი აღმოაჩინეს

2020 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცათ მეცნიერებს, რომლებმაც C ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინეს, იტყობინება „ბი ბი სი“.

პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი და ამერიკელი მკვლევრები, ჰარვი ალტერი და ჩარლზ რაისი. „მათ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინეს“, — აღნიშნულია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, C ჰეპატიტი, ხშირ შემთხვევაში, ღვიძლის კიბოს გამომწვევია და იწვევს ორგანოს ტრანსპლანტაციის საჭიროებას.

ამასთან ერთად, წინა საუკუნის 60-იან წლებში სისხლის გადასხმისას იდგა სერიოზული პრობლემა — ადამიანებს, ვისაც სისხლს უსხამდნენ, უცნობი დაავადების გამო ღვიძლის ანთება აღენიშნობოდათ. მაშინ სისხლის გადასხმის პროცესი, ნობელის კომიტეტის განცხადების თანახმად, „რუსული რულეტის“ თამაშის მსგავსი იყო.

თუმცა, ვირუსის აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი პრეპარატები მასთან საბრძოლველად. „პირველად ისტორიაში, დაავადება შეიძლება განიკურნოს. ეს აჩენს იმედს, რომ C ჰეპატიტის ვირუსი შეიძლება მთელ მსოფლიოში განადგურდეს“, — ამბობენ კომიტეტში.

თუმცა, როგორც „ბი ბი სი“ წერს, ამჟამად მსოფლიოში ვირუსი დაახლოებით 70 მილიონ ადამიანს კვლავ აქვს. მის გამო წელიწადში დაახლოებით 400 000 ადამიანი იღუპება.


გარეკანის ფოტოზე: წლევანდელი ლაურეატების დასახელება. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი