ახალი ამბები

ნახიდურსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე 4 პირი დააკავეს

4 ოქტომბერი, 2020 • 1422
ნახიდურსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას ქვემო ქართლში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ჯამში 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ხოლო 2 – ნაციონალური მოძრაობის.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ. ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – განაცხადა ბორცვაძემ.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბორცვაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, შსს გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, “რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას”.

“მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად”, – განაცხადა ბორცვაძემ.

29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა. ნაცემია პლატფორმა 20/20 დამკვირვებელი გიორგი მუმლაძეც, ის პირადად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს ცემაში, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი