ახალი ამბები

დაპირისპირება ბოლნისში – ოცნებისა და ოპოზიციის წევრები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

27 სექტემბერი, 2020 • 1324
დაპირისპირება ბოლნისში – ოცნებისა და ოპოზიციის წევრები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდორში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები ამბობენ, რომ მათ თავს “ოცნების” მხარდამჭერები დაესხნენ. მმართველ გუნდში კი პირიქით, აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოაწყეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც, ჯგუფური ძალადობის მუხლით.

რა მოხდა?

დღეს საღამოს ბოლნისის სოფელ ნახიდორში რამდენიმე პირს თავს დაესხნენ. დაპირისპირებისას შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. როგორც ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, მას თავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაესხნენ.

ის ყვება, რომ ადგილობრივ ჩაიხანასთან ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათთან “ოცნების” მხარდამჭერები, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა მივიდნენ და თავს დაესხნენ.

ადგილზე იმყოფებოდა კახა ოქრიაშვილიც, ის “პირველთან” ამბობს, რომ “ეს არის შიშის დანერგვა”. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ. ნეტგაზეთი თავად ეცადა დაკავშირებოდა ოქრიაშვილს, მისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, ნეტგაზეთთან მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა თქმა, რომ თავდასხმის ინიციატორი ოპოზიციის წევრები იყვნენ.

“ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დღეს სააგიტაციო სამუშაოებს ეწეოდნენ სოფელ ნახიდურში. შესვენებისას, ერთ-ერთ ჩაიხანაში პროვოკაცია მოუწყო და თავს დაესხნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მას შემდეგ, რაც იქ ადგილობრივი ჩვენი აქტივისტები ჩაერივნენ და სიტუაცია განიმუხტა, დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, მოხდა უკვე ხელკეტებითა და ქვებით თავდასხმა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულებიც,” – ამბობს გოგი მეშველიანი.

ჩვენს კითხვაზე, ამ დროს რას აკეთებდა მისი ძმა, რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერები ძალადობაში ადანაშაულებენ, მეშველიანი გვპასუხობს, რომ ის ინციდენტისას მიკროშტაბში იმყოფებოდა, შემდეგ კი სიტუაციის განმუხტვა სცადა.

ნეტგაზეთს ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: ტელეკომპანია “პირველი”

მასალების გადაბეჭდვის წესი