ახალი ამბები

“წამოწვა, ვითომ ნაცემია” – საკრებულოს თავჯდომარე დაშავებულ ჟურნალისტზე

1 ოქტომბერი, 2020 • 1299
“წამოწვა, ვითომ ნაცემია” – საკრებულოს თავჯდომარე დაშავებულ ჟურნალისტზე

მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე, ამირან გიორგაძე ამბობს, რომ მარნეულში ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ და ეს სიმულაცია იყო.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მან შემდგომ განაცხადა, რომ თავს 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა.

დღეს ჟურნალისტებთან მარნეულის საკრებულოს თავჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მომხდარი უარყო და თქვა, რომ ეს არ დაუნახავს.

„ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ეგეთი ფაქტი არ მომხდარა. მე დავინახე ჩემი თვალით, ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა, ვითომ ნაცემია“, – თქვა გიორგაძემ.

ჟურნალისტების დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, ხომ ნამდვილად ჯეიჰუნ მუჰამედალიზე საუბრობდა თავჯდომარე, მან გაიმეორა, რომ ცემის ფაქტი არ უნახავს, შემდეგ კი დაამატა – „მაგისთანა დაზიანებები.. ბევრს შეუძლია, რომ ხელი გადაიხვიოს“. ხელი ამჟამად სწორედ მუჰამედალის აქვს გადახვეული.

საკრებულოს თავმჯდომარეს ამ განცხადებას ფეისბუკზე თავად მუჰამედალი გამოეხმაურა და პოსტში თავმჯდომარის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

”საკრებულოს თავჯდომარე” რომ ამას იკადრებს, ამ ქვეყანაში შენნაირების ადგილი ციხეშია და არა სამუშაო სკამზე“, – წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

როგორი სამარცხვინოა.

იმდენად დაეცით, რომ იმის გამოგონებაც შეგიძლიათ, რომ თურმე მე სცენარი გავითამაშე :D წამოვწექი…

Posted by Jeikhun Muhamedali on Thursday, 1 October 2020

 


29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა. ნაცემია პლატფორმა 20/20 დამკვირვებელი გიორგი მუმლაძეც, ის პირადად ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს ცემაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი