ნეტგაზეთი | რას ამბობს ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ რას ამბობს ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ – Netgazeti
RU | GE  

რას ამბობს ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

ავტორი: ზურა მენაღარიშვილი

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ, საბოლოოდ მიიღო ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც აისახა ძირითადი განწყობები და გზავნილები, რომელიც ბრიუსელს თბილისის მიმართ აქვს ამ ეტაპზე. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყანაში ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და სხვა. ანგარიშს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან.

რას ამბობენ პოლიტიკოსები საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქართული სახელმწიფოს წინსვლას და განხორციელებულ რეფორმებს. 

„ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე, ფართომაშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება.“  

თალაკვაძემ ახსენა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებს.

„მინდა დავარწმუნო ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“.

გარდა ამისა, თალაკვაძის განცხადებით, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას, მხარს უჭერს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსულ ოკუპაციასა და რუსული აქტორებიდან მომდინარე კიბერ-შეტევებს. თალაკვაძემ განცხადების ბოლოს მადლობა გადაუხადა ანგარიშის შედგენაში მონაწილე ევროპელ პარლამენტარებს. 

თალაკვაძეს გამოეხმაურა პარტია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც მიიჩნევს, რომ ანგარიში კრიტიკულად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. 

„ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება ქართული ოცნების და მთავრობის მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასებები რეზოლუციაში მოხდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს ისევ და ისევ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას“ 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ანგარიშის ტექსტი პირდაპირ მიანიშნებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც საქართველომ უნდა გამოასწოროს, მისი თქმით, საუბარია ისეთ თემებზე, როგორიცაა ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. 

“რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არგამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, ასევე ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტაზე და მის განთავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯი”, – ამბობს კანდელაკი.

რა წერია ანგარიშში?!

უშუალოდ დოკუმენტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, სადაც ასახულია როგორც დადებითი, ასევე, კრიტიკული შეფასებებიც. 

ვიზალიბერალიზაცია 

ევროპელი პარლამენტარები დადებითად აფასებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობასა და პარტნიორობას ტრანს-სასაზღვრო დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების გადაზიდვის შემცირების საქმეში, ასევე გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ 2017 წლიდან დღემდე საქართველოს 900 000-მა მოქალაქემ ისარგებლა გამარტივებული სავიზო რეჟიმით. 

პოლიტიკური დიალოგი და საპარლამენტო არჩევნები

ანგარიშში ნახსენებია, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისთვის, ხოლო ევროპარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიები იქნება სამართლიანი შეჯიბრის პრინციპით წარმართული, აქვე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები და განიხილოს შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმები, რათა მოხდეს ისეთი გამოწვევების აღმოფხვრა, როგორიცაა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობის წახალისება, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის გავრცელება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ოპოზიციური პარტიების მწირი წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში. 

გარდა ამისა, ანგარიში ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ამომრჩევლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი საჯარო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, რომ თავისუფლად და შიშის გარეშე შეძლონ ხმის მიცემა და ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საარჩევნო დამკვირვებლების მუშაობა ისე, რომ არ მოხდეს მათ საქმიანობაში ხელშეშლა ან მათზე თვალთვალი. 

ანგარიში დადებითად აფასებს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს, რაც გულისხმობდა, მათ შორის, საკონსტუტიციო და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას. ასევე დადებითადაა შეფასებული პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალება, როგორც პოლიტიკური დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად იქნეს შესრულებული, კონკრეტულად კი – გატარდეს ყველა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა, აგრეთვე გახმაურებული პოლიტიზებული სისხლის სამართლის საქმეები გადაიჭრას გაჭიანურების გარეშე.

კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება

ევროპარლამენტი აღნიშნავს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებმაც გააძლიერეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის ხარისხი, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომელმაც გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი. 

ასევე, ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს და გამოიძიოს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები, მათ შორის, 2019 წლის ივნისის აქციების დროს. 

ანგარიშში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისა და მედიამფლობელების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან და გადადგას ნაბიჯები როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აქტორების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

დოკუმენტში საქართველოში არსებული მედიაგარემო შეფასებულია როგორც “პლურალისტური, დინამიკური და, ამავვდროულად, პოლარიზებული”. დეპუტატები ხაზს უსვამენ საარჩევნო კამპანიის დროს სარედაქციო დამოუკიდებლობის და პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქების მნიშვნელობას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების მხრიდან.

ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები 

ამ ნაწილში აღნიშნულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. ბორდერიზაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო, რაც გამოიხატება თავისუფალი გადაადგილების აკრძალვაში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და უძრავი ქონების ფლობაში. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია იძულებითი პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების მხარდაჭერა. 

პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად განხორციელებული რეფორმები.

გარდა ამისა, პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად უკვე განხორციელებული რეფორმები, თუმცა დოკუმენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს დამატებითი ზომები ქალების, ლგბტ პირების, ბოშების და რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. დოკუმენტში არის მოწოდება ყველა რელიგიური ჯგუფისადმი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსადმი და ასევე სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რომ ითანამშრომლონ, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს ტოლერანტული გარემო.

ინსტიტუციური დებულებები 

ევროპელი პარლამენტარები ხაზს უსვამენ ანტაგონიზმისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და ამ საქმეში საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ როლს, რაც აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისათვის.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები და ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გამჭვირვალე და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისკენ.

სექტორული თანამშრომლობა 

ამ ნაწილში ძირითადად ხაზგასმულია საქართველოში შრომის კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობა, მათ შორის რეალურად მოქმედი შრომის ინსპექციის შექმნა.

გარდა ამისა, დადებითადაა შეფასებული საქართველოს წინსვლა განათლების, ენერგო-ეფექტურობის, მყარი ნარჩენების მართვისა და წყლის მიწოდების სფეროებში.

როგორ აფასებენ დოკუმენტს ექსპერტები?

გარდა პოლიტიკოსებისა, აღნიშნულ ანგარიშს აფასებენ ექსპერტებიც.  აღნიშნულ თემაზე ნეტგაზეთთან კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. მისი აზრით, ტექსტი დაბალანსებულია, ნამდვილად ასახავს რეალობას და ფუნდამენტურად არ განსხვავდება წარსულში გაკეთებული მსგავსი ანგარიშებისგან. 

„ანგარიშის ტექსტი არის დაბალანსებული, ისეთი როგორც ახასიათებს ხოლმე ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს. ტექსტში არის გარკვეული პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარი რეფორმების საკითხში და ამ მხრივ მხარდაჭერილია ხელისუფლების პოლიტიკა. თუმცა, ასევე, ყურადღება გამახვილებულია ნაკლოვანებებზე და პრობლემებზე, მათ შორის: დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კუთხით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის შეფასებებში ასეთი აქცენტები მუდმივად იყო.“ 

კაკაჩია ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზეც.

„ძირითადი აქცენტი კეთდება წინასაარჩევნო გარემოზე, რომ არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მმართველი პარტიის მიმართ არის გარკვეული შეშფოთება პროცესების პოლარიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა ასევე მოლოდინია იმის, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და არ იქნება დემოკრატიის უკუსვლა, მიუხედავად იმისა, რომ წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო დამკვირვებლების ის რაოდენობა არ გვეყოლება, რაც ადრე.“

ექსპერტის თქმით, „ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროპარლამენტის შეფასებები ყოველთვის არის იმაზე ხისტი, ვიდრე ევროკომისიის შემთხვევაშია, რადგან ევროპარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და ბევრი სხვადასხვა აზრის გამოხატვის საშუალებას იძლევა.“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ანგარიშში არ არის რაიმე ახალი სულისკვეთება. 

„ანგარიში არ არის არსებითად განსხვავებული წინა წლების დოკუმენტებისგან, თუმცა არის ახალი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რაც პოზიტიურადაა შეფასებული ევროპელი დეპუტატების მიერ“

ლებანიძე ანგარიშის ტექსტში აქცენტს წინა საარჩევნო გარემოზე და მედიის დამოუკიდებლობაზე აკეთებს.

„როგორც წესი, ევროკავშირი მედიის და ზოგადად პოლიტიკურ პოლარიზაციას სერიოზულად აღიქვამს, რაც ამ შემთხვევაში უკავშირდება არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს. ამ შემთხვევაში არჩევნები მიიჩნევა ერთგვარ პოლიტიკურ ტესტად, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს, ამიტომ ტექსტში იკითხება ერთგვარი გაფრთხილება, მოწოდება დემოკრატიული არჩევნებისადმი“ 

მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაში. 

„დოკუმენტი კვლავ ინარჩუნებს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ რუსული საფრთხეების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია კიბერ-უსაფრთხოების შესახებ დასმული აქცენტებიც. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ევროკავშირიც აქტიურად მუშაობს კიბერ-უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, ეს არის მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ დაუპირისპირდნენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს მათ შორის საქართველოშიც“

საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტი ყოველწლიურად ამზადებს და, როგორც წესი, მის შედგენაში არაერთი ევროპული პარტიაა ჩართული.

ამავე თემაზე გირჩევთ

სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: ზურა მენაღარიშვილი