ახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

15 სექტემბერი, 2020 • 1113
სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვა გაიმართა. ანგარიშის განხილვის დროს ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის: ოკუპაციაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, 8 მარტის შეთანხმებაზე, გიორგი რურუაზე, ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვან მმართველობასა” და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოში დაწყებული რეფორმების გარგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას.

მან ასევე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მისცემს ევროპარლამენტს, სადამკვირვებლო მისია  გამოაგზავნოს.

“მედიის თავისუფლება და ამ მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მედიაზე თანაბარი წვდომა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ოქტომბრის არჩევნებზე, თუ კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიტუაცია საშუალებას მოგვცემს,  სადამკვირვებლო მისიას ევროპარლამენტიდანაც გაიზავნება”, — განაცხადა სვენ მიქსერმა.

ის ოკუპაციის თემასა და ბორდერიზაციისაც გამოეხმაურა და რუსეთის მხრიდან მომდინარე “პროვოკაციული ქმედებები” დაგმო.

არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებასა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა.

“იმედი მაქვს, 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი, მედია ობიექტურად გააშუქებს მოვლენებს, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი”, — განაცხადა გალერმა.

ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმაც და აღნიშნა, რომ მოელის არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებასა და ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას.

ბორელმა ყურადღება გაამახვილა მართლსაჯულების სისტემაზე და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტის მიერ გადასახედია. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ეთიკისა და სამართლიანობის  სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვნია.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გადახედოს, რომელიც მოსამართლეების გამჭირვალედ შერჩევის პროცესს ლახავს”, — განაცხადა ბორელმა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა მარინა კალიურანდმაც. რომელმაც ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, და მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, ყველაფერი გააკეთონ ოქტომბერში ობიქტური, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად. ეს არჩევნები საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტია”, — განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მთავრობას  სამართლიანი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა და ყურადღება 8 მარტის შეთანხმებასა და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გაამახვილა.

“ასევე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება”, — განაცხადა ანა ფოტიგამ.

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და აღნიშნა, რომ ის, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე გადამწყვეტი იქნება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია და ქვეყნის შიგნით დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” დაასახელა.

“საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას, საგარეო კუთხით კი რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით”, — განაცხადა ფონ კრამონმა.

მან  საქართველოს სუვერენიეტეტის, ტერიტორიულ მთლიანობისა და მისი ევროპულ მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

ისევე, როგორც სხვებმა,  მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა ვიოლა ფონ კრამონმაც და აღნიშნა, რომ სისტემა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი