ახალი ამბები

ბათუმის რესპუბლიკურში ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაში – რატიანი

2 ოქტომბერი, 2020 • 1178
ბათუმის რესპუბლიკურში ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაში – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს ისევე უვლიან, როგორც მის კლინიკაში. ეს რატიანმა ჟურნალისტებს ბათუმში უთხრა, სადაც, მისი თქმით, რეგიონში კლინიკების მუშაობას გაეცნო. ამ დროისთვის აჭარაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ინფიცირებულია. დღეს, 2 ოქტომბერს რეგიონში 297 Covid-19-ის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი იყო გვენახა და მონიტორინგი გვეწარმოებინა აჭარაში არსებულ საავადმყოფოებში. პირველ ეტაპზე ვიყავით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ყველა ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მათ გააჩნიათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აღნიშნული კლინიკა სტანდარტს შეესაბამება და ამ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა და დიაგნოსტიკის კრიტერიუმები სახელმწიფო პროტოკოლზეა დამყარებული. ამასთან, პაციენტების მოვლა იმ პროტოკოლით მიმდინარეობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია ამ ეტაპზე დამტკიცებული. მინდა გითხართ, რომ ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაშია”,-აცხადებს ლევან რატიანი.

ბოლო კვირებში შემთხვევების მატებასთან ერთად გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიც. დღეს, 2 ოქტომბერს Covid-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი