ახალი ამბები

NGO-ები “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ “დოსიეს” მასალების გამოძიებას ითხოვენ

2 ოქტომბერი, 2020 • 1469
NGO-ები “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ “დოსიეს” მასალების გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე, აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ 24 აგვისტოს და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა „პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებზე. „დოსიეს“ ცნობით, ჟურნალისტური გამოძიება ეფუძნება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობებს კურირებს. პატრიოტთა ალიანსი “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს უარყოფს და მას პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები ესადაგება.

„საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ- სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა. მიგვაჩნია, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად.

ასევე, მოუწოდებენ პარლამენტს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი იყოს ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე განხილვები გამართოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით. NGO-ები მიიჩნევენ, რომ საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად.

“სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები”, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  4. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  6. რონდელის ფონდი (GFSIS)
  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  8. სამოქალაქო იდეა
  9. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  12. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  14. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
  15. საფარი
  16. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  17. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

რა რეაგირება (არ) აქვს სახელმწიფოს “პატრიოტების” შესაძლო რუსულ კავშირებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი