ნეტგაზეთი | “პატრიოტთა ალიანსზე” დოსიეს გამოძიების II ნაწილი “პატრიოტთა ალიანსზე” დოსიეს გამოძიების II ნაწილი – Netgazeti
RU | GE  

“პატრიოტთა ალიანსზე” დოსიეს გამოძიების II ნაწილი

რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა “დოსიე” “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილს აქვეყნებს.

გასულ კვირას “დოსიემ” გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდური და ოპერატიული შეჯამება (რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის) რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, საგარეო დაზვერვის სამსახურის მივლენილი გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან. დოკუმენტებში საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ბიუჯეტზე 8 430 625 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. “დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს” მომსახურებას უწევს კომპანია POLITSECRETS და პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი, თვითონ მიხეევს კი კურატორობენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი, ФСБ-ის სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და ГРУ-ის ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ და გაწერილია თეზისები ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას პრესკონფერენციისთვის ამ საკითხზე. გამოძიების თანახმად, ინაშვილსა და ლომიას უნდა ეთქვათ, რომ ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო, ასევე, ესაუბრათ სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ნეიტრალიტეტზე, როგორც მორიგი დამღუპველი ომის თავიდან აცილების გზაზე.

თეზისები, "დოსიე"

თეზისები “პატრიოტთა ალიანსის” აფხაზეთში ვიზიტის შესახებ პრესკონფერენციისთვის. “დოსიე”

“დოსიეს” თანახმად, POLITSECRETS-ის მიერ შემუშავებულია “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიის სტრატეგია და სამუშაო გეგმა. სტრატეგია წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელ კომპლექსს მოიცავს, როგორიცაა:

  • აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში აჭარის მაცხოვრებლების მიერ პარლამენტის პიკეტირება განუსაზღვრელი ვადით;
  • “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია ბავშვების სასკოლო ნივთებით დახმარების შესახებ;
  • 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის დღეს, მედიაკონფერენციის “სიმართლისა და ობიექტურობისთვის” გამართვა;
  • “პატრიოტთა ალიანსის” საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, მყოფ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • 28 აგვისტოს, მარიამობას, დავით თარხან-მოურავი მიდის ერთ-ერთ ცნობილ მონასტერში, რომელსაც გადასცემს მის დაწერილ ხატს და მოსკოვში ქართული ეკლესიის საჩუქარს.

როგორც “დოსიე” წერს, დოკუმენტები და მიმოწერა აჩვენებს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” და მათ რუს კურატორებს შორის ხშირია კამათი არასათანადოდ შესრულებული დავალებების გამო.

“დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსი კონსულტანტებისთვის ამომრჩევლების “პასპორტიზაციის” მონაცემების გადაცემას, რაც, როგორც მინიმუმ, მოიცავს მათ მისამართს, სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობას ყველა სახლში.

“რა თქმა უნდა, თქვენ მიიღებთ პასპორტიზაციას. თუმცა ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის, რაში გჭირდებათ სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა. “კარდაკარი” მოაგროვებს ამ მონაცემებს და კვირის ბოლოსთვის მზად იქნება”, – წერს “პატრიოტთა ალიანსი” რუსულ საკონსულტაციო კომპანიას.

თუმცა, მიუხედავად “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიაზე გამოყოფილი რამდენიმე მილიონი დოლარისა, “დოსიე” წერს, რომ პარტიის წევრები თავს უფლებას ვერ აძლევენ, რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა ინსტრუქცია შეასრულონ, რომლებმაც, როგორც ჩანს, “პატრიოტთა ალიანსს” რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აქციის გამართვა ურჩიეს.

“დოსიეს” მოპოვებული წერილების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსი” თავს იმართლებს, რომ მედიაგეგმას თავს ართმევს და მაგალითად მოჰყავს სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ გასული და დაგეგმილი გადაცემები.

“აგვისტოს ომის შესახებ გადაცემები ირმას [ინაშვილი] და დავითის [თარხან-მოურავი] მონაწილეობით გავიდა ეთერში 6, 7, 9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს მხოლოდ კლიპები გადიოდა. ამ გადაცემებს უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. ხოლო ამ დღეს მიტინგის გამართვა – ეს არის სიტუაციის არცოდნა, რა ხდება თბილისში. ხალხი იღებს ამ სიმართლეს იმიტომ, რომ მის შესახებ დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი საუბრობენ, თუმცა თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ამ თემაზე მიტინგის გამართვას ჩვენც კი არ გვაპატიებენ”, – წერს ალიანსი “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით.

ირმა ინაშვილის პასუხი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტური გამოძიებას სიცრუეს უწოდებს. ინაშვილის თქმით, არავითარი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის შენობის პიკეტირებას აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც პარლამენტი არ მუშაობს.

“27 სექტემბერს დაგეგმილი გვქონია პატრიოტული სიმღერების კონკურსი. არ ვიცი, ამაზე გამეცინოს თუ ამეტიროს. სიმღერით კარგად ვმღერით, მაგრამ ის, რომ პატრიოტული სიმღერების კონკურსი ჩავატაროთ, ალბათ, ხოშტარიას “მგიმოში” ასწავლეს და იქაური პროექტების გაცოცხლებას შეეხება”, – განაცხადა ინაშვილმა.

“დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსი” რუსულ საკონსულტაციო კომპანიას აწვდის ცნობილი ადამიანების სიას, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ “პატრიოტთა ალიანსს” საჯაროდ და რომელთა შორის არიან პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერალი თათარაშვილი, მომღერალი გელაშვილი, მომღერალი მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვარი ხერკილაძე, მხატვარი სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი და ა.შ.

“თურმე ვგეგმავდით, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს მხარი დაეჭირათ ჩვენთვის და ა.შ. ეს გაგრძელება იბეჭდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მართლა გამოგვიცხადა მხარდაჭერა სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ. მას მერე იბეჭდება გვარები, თითქოს რაღაც დაგეგმილი პროექტი იყო”, – ამბობს ინაშვილი.

 

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.