ახალი ამბებიეკონომიკა

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები

2 ოქტომბერი, 2020 • 2175
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას. წარდგენილი ბიუჯეტით საქართველოს მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მთავრობის მოლოდინით 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11.2 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც გადასახადები დაახლოებით 10.4 მილიარდი ლარი, 284 მლნ ლარი გრანტები, ხოლო 550 მლნ ლარი ბიუჯეტის სხვა შემოსავლები იქნება.

2021 წელს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 2020-ის პროექტთან შედარებით თითქმის 1.5 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს და ჯამში, დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარი იყოს. სულ 2021 წელს მთავრობა 17 მილიარდი ლარის დახარჯვას გემავს, რაც 2020 წლის გეგმაზე დაახლოებით მილიარდი ლარით მეტია. პროექტის მიხედვით, 2021 წელს მთავრობის ხარჯები 2020-თან შედარებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარით 11.5 მილიარდ ლარამდე მცირდება.

2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიის ინდექსაციის საკითხიც, რომელიც მთავრობამ პანდემიის საწყის ეტაპზე დააანონსა. 2021 წელსაც ყველაზე მსხვილი დაფინანსება ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს აქვთ. რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2021 წელს 2.42 მილიარდი ლარი იქნება. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტი ე.წ ანტიკრიზისული ბიუჯეტით დაახლოებით 1.82 მილიარდი ლარი უნდა იყოს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 1.64 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

დაახლოებით 600 მლნ ლარით მცირდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წლის გეგმასთან შედარებით, ჯამში ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხარჯებზე 4.85 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული. თუმცა ბიუჯეტის პროექტში არ არის მითითებული მომავალ წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე მთავრობამ რამდენს დახარჯავს. როგორც კაკაურძე ამბობს პროექტში პანდემიის ნაწილი როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური მიმართულებით მოგვიანებით აისახება:

„პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის – არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი, მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება.”

ბიუჯეტის პროექტით ინდექსაციის გამო იზრდება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თახნა 2.6 მილიარდ ლარამდე (2.3 მილიარდი 2020 წლის პროგრამით).

1.5 მილიარდი ლარიდან 1.73 მილიარდ ლარამდე იზრდება 2021 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 100 ლარით მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაც.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021-ში პროგნოზირებულია 2 174 მლნ ლარის საგარეო ვალის აღება, ამასთან სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 640,0 მლნ ლარი, შესაბამისად ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 534,2 მლნ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი