ახალი ამბები

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

30 სექტემბერი, 2020 • 1035
11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა.

პროკურატურის განმარტებით, მას ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირებისთვის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ბრალდებული არასრულწლოვან შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა – სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, მათივე ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

“ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა”, — აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ პირს დაზუსტებული ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, ბრალდებული 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

ბრალდებული ბრალს არ ეთანხმება.

11 წლის მოზარდი 23 აგვისტოს თერჯოლის სოფელ ძევრში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი