ახალი ამბები

ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისთვის სტუდენტს სტატუსი შეუწყდა – თსუ

30 სექტემბერი, 2020 • 1168
ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისთვის სტუდენტს სტატუსი შეუწყდა – თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ონლაინ ლექციის ჩაშლისა და ლექტორის შეურაცხყოფისთვის, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით კონკრეტული სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო. ასევე, თსუ-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. უნივერსიტეტის ცნობით, უწყება სხვა პირების იდენტიფიცირების შემდეგ, საკუთარი კომპეტანციის ფარგლებში, საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს.

“ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც.

საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს”, – წერია განცხადებაში.

დაახლოებით ორი კვირის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც უცნობმა პირებმა, რომლებიც ერთ-ერთ ლექციას დისტანციურად ესწრებოდნენ, ლექციის ჩაშლა ბილწისტყვაობითა და სხვადასხვა რეპლიკით სცადეს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, აღნიშნულ ფაქტს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი იწერდა. სწორედ ეს ჩანაწერი გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი