ახალი ამბები

რასმუსენის ინიციატივა საქართველოს არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ

30 სექტემბერი, 2020 • 1143
რასმუსენის ინიციატივა საქართველოს არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ

ქართული პოლიტიკური პარტიები უერთდებიან “არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის” (TCEI) დათქმას არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ.

“ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის” ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ფონდ “დემოკრატიების ალიანსის” ინიციატივაა. კომისია არის პოლიტიკოსების მრავალპარტიული ჯგუფი, რომელიც ასევე აერთიანებს ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მედიასფეროს ლიდერებს და მისი მიზანია, გააძლიეროს კოლექტიური ძალისხმევა არჩევნებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, კომისიის საქმიანობა მოიცავს ცნობიერების ამაღლებას არჩევნებში ჩარევის რისკების შესახებ და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებას. TCEI მუშაობს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში.

რასმუსენის ინიციატივაზე მიერთებით, საქართველოს პარლამენტის წევრობის მოსაპოვლებლად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ დაეხმარებიან და არ წააქეზებენ მათ, ვინც ცდილობს, დემოკრატიას ავნოს. კერძოდ, ხელმომწერები პირობას დებენ, რომ:

  • არ დაამზადებენ, არ გამოიყენებენ და არ გაავრცელებენ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებულ პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის.
  • თავიდან აიცილებენ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის დიფფეიქ ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრეცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს.
  • გამჭვირვალეს გახდიან ბოტური ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოერიდებიან ოპონენტებზე თავდახსმას ამ ქსელების, მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით.
  • აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ კიბერუსაფრთოების გასამტკიცებლად და კიბერშეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თანამშრომლებს ჩაუტარებენ სწავლებებს მედიაწიგნიერებასა და რისკების განცობიერებაში.
  • გამჭვირვალეს გახდიან საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია დღეს ვიდეკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ  ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, უკრაინის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნატალია იარესკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

როგორც ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთს აღიაზიანებს, ამიტომ მოსკოვი ასევე ეცდება მომავალ არჩევნებში ჩარევას.

“საქართველოს დემოკრატიას სჭირდება დაცვა ქართველი დემოკრატების მიერ”, – განაცხადა რასმუსენმა.

რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

“საქართველო აძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რაც მეტად განვავითარებთ დემოკრატიას, ეკონომიკას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მეტი ნაღმები იდება რუსეთის მიერ. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენ ყოველღდიურ გამოწვევებს, პრობლემებსა და პროვოკაციებს ვაწყდებით რუსეთის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარებით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შევძლებთ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დარწმუნებული ვართ, რუსეთი ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტრანსატლანტიკური კომისია მოუწოდებს ყველა დემოკრატიულ პარტიას და მათ კანდიდატებს, დათქმაზე ხელმოწერით პირობა დადონ, რომ არ დაეხმარებიან და არ წააქეზებენ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას.  ამ დროისთვის ინიციატივას უერთდებიან: “ქართული ოცნება”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”. ინიციატივაზე მიერთების საშუალება პარტიებს კიდევ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი