ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს წინსვლას დემოკრატიული რეფორმების კუთხით.
“მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთოების სტრუქტურებზე. მივესალმებით კიდევ უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას რეფორმებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოს არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ნატოსთვის”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.
“საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში იმყოფება. ეს განცხადებები სწორედ სტოლტენბერგისა და მისი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
