ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთისა და რუსეთის ინტერესები და საქართველოს როლი ყარაბაღის კონფლიქტში

28 სექტემბერი, 2020 • 4071
თურქეთისა და რუსეთის ინტერესები და საქართველოს როლი ყარაბაღის კონფლიქტში

ავტორი: ზურა მენაღარიშვილი


მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლების ფონზე, კიდევ ერთხელ გააქტიურდა კითხვა, თუ რა სტრატეგიული ინტერესები გააჩნიათ რეგიონალურ მოთამაშეებს – და კონფლიქტის სხვადასხვა ფორმით განვითარების დროს, როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველომ, ან რა როლი ეკისრება მას.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ირანმა. უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

გაიგეთ მეტი 

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

რა სურთ თურქეთსა და რუსეთს?!

ნეტგაზეთთან საუბრისას კავკასიური სახლის მკვლევარი სანდრო ბაკურაძე თურქეთის კონფლიქტში ჩართულობას აფასებს. მისი თქმით, 1990-იან წლებში თურქეთის ინტერესები კონფლიქტში შეზღუდული იყო, თუმცა ეს ვითარება დღეს შეიცვალა.

„90-იანებში, მიუხედავად თურქეთში აზერბაიჯანის სასარგებლოდ განწყობილი საზოგადოებრივი აზრისა და ულტრამემარჯვენე  და პანთურქული ჯგუფების მცდელობებისა, რომ თურქეთს აქტიური მხარდაჭერა გაეწია აზერბაიჯანისთვის, ასეთი  მხარდაჭერა არ განხორციელებულა. მაშინდელ ხელისუფლებას არ გააჩნდა არც შესაძლებლობა და არც სურვილი, რუსეთის ინტერესებს დაპირისპირებოდა. დღეს, თურქეთის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თურქეთი აქტიურად იცავს საკუთარ ინტერესებს ყარაბაღის კონფლიქტში“, – აცხადებს მკვლევარი. 

ბაკურაძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის როლის გამოკვეთა თურქი ამომრჩევლის ყურადღების გადატანის მცდელობაა ეკონომიკური პრობლემებიდან სხვა მიმართულებით.

„იმის გათვალისწინებით, რომ თურქი ამომრჩეველი, გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ შორის, ეკონომიკას აქცევს ყურადღებას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ისევე როგორც სირიისა და ლიბიაში ინტერვენციები და ხმელთაშუაზღვიური კრიზისი, არის მათი ყურადღების გადატანის მცდელობა ეკონომიკური საკითხებიდან სამეზობლო პოლიტიკაზე. სირიასა და ლიბიაში რუსული ჩართულობისა და ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებებზე ევროპელების უარყოფითი რეაქციების გამო, თურქეთმა ვერ მოახერხა პატარა გამარჯვებული ომის გათამაშება, რომელიც თურქული ნაციონალიზმის საფუძველზე ხალხის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა მმართველი გუნდის მიმართ. შესაბამისად, იმავე პოლიტიკის გატარების მცდელობაა ამ შემთხვევაშიც – ერდოღანს სჭირდება ომებში გამარჯვება.“

გაიგეთ მეტი

კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში – თურქეთი და საბერძნეთი დაპირისპირების ზღვარზე

მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის შიდაპარტიულ პოლიტიკაზეც. 

„მმართველი კოალიციაში შედის თურქული ნაციონალისტური მოძრაობის პარტია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ერდოღანზე და მოუწოდებს მას სხვა ტიპის, მათ შორის შესაძლო სამხედრო ჩარევისკენ, რაც მათი პარტიული მიზნებითაა განპირობებული, რომ მხარი დაუჭირონ თურქულენოვან ხალხებს.“

სანდრო ბაკურაძის შეფასებით, მიუხედავად თურქეთის მხრიდან გაკეთებული ოფიციალური განცხადებებისა, თურქეთს არ გააჩნია შესაძლებლობა დაუპირისპირდეს რუსეთის ინტერესებს კიდევ ერთ ფრონტზე. 

„იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ფინანსური შესაძლებლობები პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო შეზღუდულია, თურქეთის მიერ აზერბაიჯანისათვის დახმარება რაიმე განსაკუთრებული ხასიათის არ იქნება. ასევე, რუსეთთან მკაფიო დაპირისპირება თურქეთს ჩააყენებს იმავე პოზიციაში, როგორშიც სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში იმყოფება, რასაც მაღალი პოლიტიკური ფასი ექნება და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო შეამცირებს ერდოღანისადმი მხარდაჭერას“, – აცხადებს იგი. 

რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება რუსეთის ინტერესებში შედის. 

„სტატუს-კვოს შენარჩუნება რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს კონტროლი სომხეთსა და აზერბაიჯანზე, ასევე, რეგიონს მიღმა დატოვოს თურქეთი. ყოველთვის, როცა ვითარება იძაბება, რუსეთი ცდილობს, რომ პროცესები მაქსიმალურად აკონტროლოს, რათა არსებული ვითარება მკვეთრად არ შეიცვალოს.“ 

ბილანიშვილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში არ იკვეთება რუსეთის მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტული მხარის სასარგებლოდ.

„იგი ჯერჯერობით არ არის რომელიმე მხარეს ჩართული, როგორც მხარდამჭერი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი და რუსეთი პარტნიორები არიან, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იგი აქტიურად დაეხმარება მას. რუსეთს სომხეთთან მოკავშირეობა სჭირდება ამ უკანასკნელის საგარეო პოლიტიკის კონტროლისთვის, რომ არ დაუშვას მისი დასავლურ ინსტიტუციებთან დაახლოვება.“

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში ხომ არ არის შესაძლებელი, რომ რუსეთი სამხედრო ფორმით ჩაერიოს კონფლიქტში ან მოითხოვოს რუსი მშვიდობისმყოფელების დაშვება, ბილანიშვილი პასუხობს, რომ რუსეთს ყარაბაღის კონფლიქტში მუდმივად ჰქონდა სამხედრო როლის შესრულების სურვილი. 

„იმ შემთხვევაში, თუ ვითარება იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა ხოლმე, შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს სამშვიდობო ძალები და ამით კიდევ უფრო გაიმყაროს სამხედრო პოზიციები სამხრეთ კავკასიაში“ 

რა შეიძლება იყოს საქართველოს პოზიცია და როლი?

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა. 

„საქართველოს უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან, რათა ანგარიში გაუწიოს მათ პოზიციებს, თუმცა ასევე უნდა დააფიქსიროს, რომ საქართველოს გარკვეული მეგობრული ვალდებულებები გააჩნია სომხეთთან და ამ ურთიერთობებს ვერ გადახედავს. უნდა მოახერხოს პოზიციონირება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში. 

„სამწუხაროდ, საქართველომ ვერ გამოიყენა თავისი ცენტრალური როლი კავკასიაში, როგორც მშვიდობის მშენებლობაში აქტიურად ჩართული მხარის. სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფის წევრიც კი არ არის. ამის გამო ჩვენი როლი მინიმალურია“ ,- აცხადებს იგი.

საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც ყარაბაღში საკუთარი ინტერესები არ გააჩნია, გარდა მშვიდობისაპაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი გამორიცხავს კონფლიქტის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სხვა გეოგრაფიული მიმართულებით გადატანას. ასევე თვლის, რომ შეუძლებელია სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის რაიმე ფორმით საქართველოშიც გავრცელება.  

„ამისთვის არც რესურსები არსებობს და არც ამ ქვეყნების სურვილი. მეტიც, მსგავსი ინტერესები არ გააჩნია არც რუსეთსა და თურქეთს, რადგან საქართველოს უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში იცავს ჩვენთან არსებული ნავთობსადენი და გაზსადენები, რომლის დაზიანებაც არავის ინტერესებში არ შედის“

ნეტგაზეთის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავების შემთხვევაში, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ ეს ირაციონალური გადაწყვეტილება იქნება.

„თუ სომხეთმა დაუშვა ყარაბაღის აღიარება, ეს იქნება ნავთის ცეცხლზე დასხმა, აზერბაიჯანს გაეხსნება ხელი, რომ კიდევ უფრო მეტად შეუტიოს და არ გაჩერდეს. ამ შესაძლო ფორმალური აღიარებით მას ეძლევა კიდევ ერთი არგუმენტი, რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონფლიქტის მასშტაბებს“ 

გაიგეთ მეტი

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განმარტებით, საქართველოს როლი საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით ბუნებრივადაა განსაზღვრული და რეგიონალური ბალანსის მხარდაჭერას გულისხმობს. 

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში დისბალანსის მიზეზი არ გავხდეთ, რათა რომელიმე მხარეს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ახლა უფრო ძლიერია და შეუძლია შეტევაზე გადასვლა“, – აცხადებს იგი. 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტით დაინტერესებული მხარეები მოითხოვენ მისი საჰაერო სივრცის ან სხვა სატრანსპორტო კვანძის გამოყენებას, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს თანაბარი მიდგომა. 

 „საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის იყო ნეიტრალური, ჩვენი ამოცანაა ნებისმიერი, ლოჯისტიკური თუ სხვა ტიპის ნებართვის გაცემისას, ვიხელმძღვანელოთ არა ამკრძალავი, არამედ ბალანსის შენარჩუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკით, რათა შევინარჩუნოთ მხარეებს შორის წონასწორობა“, – აცხადებს იგი. 

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. საქართველო, ტრადიციულად, კონფლიქტში შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ასევე, არაერთხელ აქვს დეკლარირებული, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მშვიდობისა და დაპირისპირების არაძალადობრივი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი