ახალი ამბები

“დამახინჯებული არჩევანი” და სხვა – რა მოაქვს ძალადობას წინასაარჩევნოდ

28 სექტემბერი, 2020 • 1589
“დამახინჯებული არჩევანი” და სხვა – რა მოაქვს ძალადობას წინასაარჩევნოდ

“ეს გარემო ამომრჩეველს დაბრკოლებებს უქმნის, განწყობა და არჩევანი კი  მახინჯდება”,- აღნიშნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, ვახუშტი მენაბდემ, წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას.

27 სექტემბერს, ერთ დღეში, თბილისსა და ბოლნისში ორი ინციდენტი მოხდა. ოპოზიცია ორივე ინციდენტში მმართველი პარტიის კვალს ხედავს, რასაც “ქართულ ოცნებაში” უარყოფენ და ოპოზიციისკენ, როგორც წამქეზებლისკენ, მიანიშნებენ. ამ ფონზე, 1 თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება 31 ოქტომბრამდე, როცა საქართველოს მოსახლეობამ IX მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს.

დარბეული ოფისი, ფიზიკური დაპირისპირება და სხვა – ძალადობრივი ფაქტების ქრონოლოგია

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სპეციალური შტაბი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩამოაყალიბა, როგორც თავად თქვეს, ხმების დასაცავად და არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად.

შტაბის განცხადებით, ინფორმაციას ამუშავებენ და მომდევნო დღეებში წარადგენენ მონიტორინგის შედეგებს, მათ შორის, ძალადობის შემთხვევებს. პაატა დავითაიას თქმით, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობს, “ზოგიერთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ზოგის მიჩქმალვა ხდება, ზოგის შემთხვევაში კი – დროის გაწელვა”.

“ჩვენ უკვე შეთანხმებულნი ვართ გრძელვადიან დამკვირვებლებთან, რომ მათ მივაწვდით ამ ინფორმაციას”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

“ნეტგაზეთს” ასევე სურდა შსს-სთან გასაუბრება წინასაარჩევნო გარემოსა და იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უწყება ძალადობის პრევენციისთვის. სამუშაო დღე დასრულდა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

სანამ ოპოზიცია ინფორმაციას ამუშავებს, მსგავსი ფაქტების შემცველ შუალედურ ანგარიშებს პერიოდულად აქვეყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნახავთ გახმაურებული ინციდენტების ნაწილს.

“შიშის დანერგვა” – ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ

ზემოხსენებული ინციდენტების ნაწილში ოპოზიცია მმართველი პარტიის კვალს ხედავს. გუშინ, 27 სექტემბერს, თბილისსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, ამგვარი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობიდან” კვლავ გაისმა:

ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას მუნიციპალიტეტში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა, აღნიშნა, რომ ადგილი აქვს “შიშის დანერგვის” მცდელობას წინასაარჩევნოდ. მეორე მხრივ, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ოპოზიციიდან თქვა, რომ მასაც და სხვებსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელის თქმით კი, ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩა, რათა ამომრჩეველი მის მხარდაჭერაში დაარწმუნოს.

ეს კომენტარი მელიამ გაახმიანა 27 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გლდანში ამომრჩეველთან მისი შეხვედრის ჩაშლის მცდელობასა და ქვების სროლაზე ისაუბრა, მომხდარში კი “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

“ცუდი ის არის, რომ [ძალადობის] წახალისება ხდება. ეს, ვინც დაავალა იმას, ვინც ისროლა, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამისთვის არ დაისჯება და ამისი მოლოდინი აქვს “ქართული ოცნების” ძალიან ბევრ ანგაჟირებულ აქტივისტს.

ხელისუფლებას აღარ დარჩა უნარი, რათა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მას მხარი დაუჭიროს. ის გადასულია ძალადობაზე და ჰგონიათ, რომ თუ ქვას გვესვრიან, 31 ოქტომბერს ხალხი აზრს შეიცვლის”, – აღნიშნა მელიამ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

“არ გამოვრიცხავ, საკუთარ კანდიდატებსაც ესროლონ ქვა” – გამოხმაურება მმართველი გუნდიდან

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ოპოზიცია ცდილობს. ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგი გამართა, რომელზეც მხარდამჭერებს მოუწოდა, “პროვოკაციებს არ წამოეგონ”.

“…კონფლიქტის ესკალაცია “ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ენმ-ის აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები.

კონფლიქტი ამის შემდეგ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ აქვთ დაზიანებები მიღებული”, — განაცხადა მდინარაძემ.

მანამდე, “ნეტგაზეთი” გლდანში მომხდარ ინციდენტთან და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ესაუბრა გია ვოლსკის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელს. ის პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას ასეთი ფორმით გაუსწორდებოდა ვინმე, “მით უმეტეს, მმართველი პარტიის მხარდამჭერი”, რომელმაც, მისი თქმით, იცის, რომ “ძალადობა იქნება მთავარი იარაღი ნიკა მელიასა და მისი ჯგუფის ხელში” მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

“თუკი – ამ შემთხვევაში არის სიტყვა, რომელიც უნდა გამოვიყენო – თუკი, ვინმემ მართლა რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, ან ეს დააპირა, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა, ის ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებლად”, – აღნიშნა მან.

ვოლსკის თქმით, მათთვის, ვინც აკვირდება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ფაქტია, რომ საქართველო მსგავსი ფაქტების გამო “ცუდად ჩანს”.

“ეს არის რეალობა და ამ ინტერესს რომელი მხარე უღალატებს, მაგას უკვე მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გამოძიებისთვის”.

მმართველი პარტიის წევრი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და მასში მონაწილეობისგან, შემდგომ კი კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს, “მავნებელთა ბრიგადას” უწოდებს მას და დასძენს:

“ჩვენი ოპონენტები, მავნებელთა ბრიგადა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა არ გამოჩნდეს საქართველო პოზიტიურად არჩევნების შემდეგ. ყველაფერს გააკეთებენ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკუთარ კანდიდატებს ქვაც ესროლონ და თავშიც ჩაარტყან რამე”.

“ამომრჩევლის განწყობა მახინჯდება” – პოლარიზებული გარემო არჩევნებამდე 1 თვით ადრე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში რამდენიმე ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. იურისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, პანდემიის კრიზისმა პროცესებში გარკვეული კორექტივები შეიტანა, თუმცა არსად წასულა პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც პარტიების საარჩევნო სტრატეგიებზე, ასევე, ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

“…რაც დრო გადის და არჩევნები ახლოვდება, უფრო და უფრო იწევს პოლიტიკური ტემპერატურა და პოლარიზება, რაც განაპირობებს პირდაპირი ძალადობის ფაქტებს. ამგვარი ფაქტების ზრდას ჩვენ ველით. იმედია, ეს პროგნოზი არ გამართლდება, თუმცა ანალიტიკურად ჩვენ ამის[პროგნოზირების] საშუალება გვაქვს”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

იურისტი ხაზს უსვამს, რომ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს არა ფორსმაჟორულ, არამედ მშვიდ, ორდინალურ გარემოში და ასე უნდა განსაზღვროს, რომელ პარტიას ანდოს ქვეყნის მომავალი. თუმცა, ამ მოცემულობით, ეს კვლავ აღუსრულებელი აუცილებლობაა:

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ ამომრჩევლის განწყობა და არჩევანი მახინჯდება, ეს კი შედეგად იწვევს იმას, რომ პარტიები არჩევნებიდან ძალიან მალე კარგავენ იმ მხარდაჭერას, რომელსაც არჩევნებისას მოიპოვებენ. ეს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

ფაქტობრივად, არჩევანი სიტუაციურია და არა პოლიტიკური. ვხედავთ, ფორსმაჟორულ ვითარებაში რა გადაწყვეტილება მიიღო ამომრჩეველმა, მაშინ, როცა ჩვენ მისი პოლიტიკური არჩევანი გვაინტერესებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი