ახალი ამბებისაზოგადოება

მღვდელმთავრები “ოცნების” შეკრებებზე: თავაზიანობა თუ მხარდაჭერა

21 სექტემბერი, 2020 • 2051
მღვდელმთავრები “ოცნების” შეკრებებზე: თავაზიანობა თუ მხარდაჭერა

“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას”, – თქვა წმინდა სინოდის ერთ-ერთმა წევრმა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრების მიზანშეწონილობაზე ჰკითხეს.

მსგავსი მოსაზრებები ისმის საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებისგანაც, თუმცა, საზოგადოების ნაწილში მსგავსი ფაქტები კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან “ქართული ოცნების” უშუალო მხარდაჭერად აღიქმება. ისინი მიიჩნევენ, რომ გრძელდება ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენების პრაქტიკა, რაც ქართული რეალობისთვის არც აქამდე იყო უცხო.

“თავაზიანობის ფარგლებში” – სასულიერო პირების პასუხი კრიტიკაზე და ხელისუფლების გამოხმაურება

დისკუსია აღნიშნული საკითხის გარშემო განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი იოანე ბაგრატის ტაძრის ეზოში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას დაესწრო. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია მსგავსი ვიზიტებიდან ბოლო კვირების მანძილზე:

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებებს დაესწრნენ ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და სხვები.

სია მმართველი პარტიის ერთი ღონისძიებიდან მეორემდე იზრდება, თუმცა აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს ვერც ეკლესია და ვერც ხელისუფლება:

“მომავალ თაობაში, ყველა თაობაში – ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, პოზიცია იქნება თუ არაოპოზიცია, და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება, არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას”, – აცხადებს მიტროპოლიტი ანტონი.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ზოგადი პრაქტიკაა, როცა ეკლესია მხარს არსებულ მთავრობას უჭერს “თავაზიანობის ფარგლებში”  და “როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში”, საპატრიარქოს მასთანაც ასეთი დამოკიდებულება ექნება.

ღონისძიებებზე დასწრება კონკრეტული პარტიის მხარდაჭერად არც პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს მიაჩნია: როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა “სიტყვიერი” განცხადება ან მოწოდებაა.

მსგავს ღონისძიებებზე სასულიერო პირთა დასწრების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა. ISFED-ს მიაჩნია, რომ იერარქებმა თავი უნდა შეიკავონ აღნიშნულისგან, ვინაიდან მათი ეს ქმედება, შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზისთვის სასულიერო პირის მხრიდან კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა მიუღებელია. თუმცა “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობით კომენტარში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი აღნიშნავს, რომ სასულიერო პირის ზემოაღნიშნული ტიპის ღონისძიებებზე დასწრება პარტიული მხარდაჭერის გამომხატველი არ არის:

“სიტყვა “პარტია” წარმოქმნილია ლათინური სიტყვიდან “pars”, რაც ნაწილს ნიშნავს. ეკლესიის კარი ღია უნდა იყოს მთელი საზოგადოების და არა მისი ნაწილისათვის მხოლოდ. ამიტომ, სასულიერო პირის მხრიდან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა გაუმართლებლად მიმაჩნია.

მეორე მხრივ, ეკლესია მხარს უჭერს სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს და მთლიანობას და თუ მმართველი პარტია ატარებს სახელმწიფოებრივ ღონისძიებას, ჩემი აზრით, ეკლესიამ, სასულიერო პირებმა თანადგომა უნდა გამოხატონ”.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველ გუნდში ასევე არ მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირები პროცესისგან უნდა დისტანცირდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა პროფესიის მქონე მოქალაქეები, საზოგადოების თავისუფალი წევრები არიან და პარტია ისევე იწვევს მათ ღონისძიებებზე, როგორც სხვებს.

“ვაჭრობა რწმენით” – კრიტიკოსების პოზიცია

ადამიანები, რომლებიც ზემოხსენებულ ტენდენციას აკრიტიკებენ, ერთი მხრივ, აღნიშნავენ, რომ სასულიერო პირების ეს მოქმედება მმართველი პარტიის მხარდაჭერის ტოლფასია, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამენ ხელისუფლების მცდელობას, გამოიყენოს ეკლესიის ავტორიტეტი თავის სასარგებლოდ.

ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი”ესაუბრა, ასეთივე კრიტიკას ახმიანებდნენ გასულ თვეში, თუმცა მაშინ მოქმედი პირები არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ: რამდენიმე დღის ინტერვალით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა, შემდგომ კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის ყოფილი მეთაური – ვანო მერაბიშვილი. ორივე მათგანმა შეხვედრების ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით აუდიტორიას გაუზიარა.

ყოფილი მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ კობახიძე, რომელიც მაშინ აღნიშნულ პრაქტიკას აკრიტიკებდა, აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, “ეპისკოპოსი მთავრობის პოლიტიკური პროპაგანდაში მიიღებს მონაწილეობას თუ ოპოზიციური პარტიისა”.

“რბილი შეფასება, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს, არ არის საკმარისი. შეიძლება აღიქმებოდეს კი არა, ეს არის პირდაპირი ვაჭრობა რწმენით ეპისკოპოსების მხრიდან და, ასე თქვათ, ხალხის ნდობისა და რწმენის კონვერტაცია შიდა ქონებაში, რომელსაც ისინი იღებენ მთავრობისგან. ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება, ეკლესიის დისკრედიტაცია და გაუფასურება”, – აღნიშნავს კობახიძე.

ის პირმოთნეობას უწოდებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მაღალი იერარქიის ეპისკოპოსებისადმი და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამ ადამიანთა მიმართ არსებული დამოკიდებულებით სარგებლობს:

“ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეპისკოპოსი მთავრობის პოლიტიკურ პროპაგანდაში მიიღებს მონაწილეობას თუ ოპოზიციური პარტიისა. აქ მთავარია უტიფრობა, რომელიც ახასიათებს ეპისკოპოსთა კასტას, რომელსაც საქართველოში გასდის ყველაფერი.

…”ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ ჯადოსნური გავლენა ზომბირებული ტვინის მრევლზე, რომლის ზომბირებაშიც თავად ხელისუფლებები ეხმარებიან მათ”.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელს, მაკო ღავთაძეს, აღნიშნულ დისკუსიაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ფინანსური დამოკიდებულება. მისი თქმით, სასულიერო პირებს კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრებას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა სწორედ ფინანსური საკითხია განმსაზღვრელი.

“როდესაც ეკლესია დიდ ფულად და ქონებრივ სიკეთეს იღებს ხელისუფლებისგან, მაშინ ეს არის გარიგება, ვაჭრობა, ურთიერთმხარდაჭერა და გატანა. ამ კუთხით მგონია სწორი მსჯელობა და არა ის, რომ ვინმეს აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ჰქონდეს”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი განსხვავებას ვერ ხედავს ამჟამინდელ ვითარებასა და იმ პრაქტიკას შორის, რომელსაც, მისი თქმით, დიდი ხნის ისტორია აქვს და რომლის ფარგლებშიც ყოველი მმართველი პარტია ცდილობს ეკლესიის ამ ფორმით გამოყენებას. თუმცა აღნიშნავს ერთ განსხვავებას:

“მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს, როცა ხდებოდა ეკლესიის ჩართვა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს მაინც ხდებოდა ფორმალურად, ეკლესიასთან დაკავშირებულ ამბებთან კვეთაში. ეს იყო ეკლესიის გახსნა და სხვა ღონისძიებები, სადაც პოლიტიკოსები და სასულიერო იერარქები თანამონაწილეობენ.

“ქართული ოცნება” გადავიდა პირდაპირ უხეში მოსყიდვის მეთოდზე ეკლესიისა. ის ჩვეულებრივ, მრავალგვარი ფინანსური თუ სხვა სახის საჩუქრებით ახდენს მის მოსყიდვას, შემდეგ კი სთხოვს არჩევნებზე თანადგომას, ოღონდ პირდაპირი წესით”.

გამრეკელაშვილის თქმით, ის, რაც ახლა ხდება, ერთი მხრივ, საეკლესიო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯს აზიანებს მრევლის თვალში. თეოლოგი იზიარებს მმართველი გუნდის გზავნილს, რომ სასულიერო პირებიც თავისუფალი ადამიანები არიან, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირება მათ საარჩევნო ყუთთანაც შეუძლიათ.

“ოტო ბისმარკის ცნობილი გამოთქმაა: სამი პროფესია შექმნა ღმერთმა, დანარჩენი ყველა კი – ადამიანმა. ეს სამი პროფესიაა ექიმი, მღვდელი და მასწავლებელი. მე ამ სიას მოსამართლესაც მივამატებდი. ეს არის პროფესიები, რომლებიც ავალებს მათ მქონე მოქალაქეებს ერთგვარ ნეიტრალიტეტს, ნეიტრალური პოზიციების დაცვას და მნიშვნელოვანია, ეს ნეიტრალიტეტი არ დაირღვეს.

განვითარებულ სამოქალაქო საზოგადობაში არც ექიმს, არც მასწავლებელს და არც მოსამართლეს მსგავს პოლიტიკურ აქციებში ასე პირდაპირ არ ეპატიჟებიან და ასე არ დაატარებენ, როგორც ბუტაფორიას, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს ესა და ეს. სასულიერო პირი, ექიმი თუ სხვა თანაკვეთაშია საზოგადოებასთან, რომელიც არის ძალიან ჭრელი და არ უნდა მოხდეს მისი სეგრეგაცია რაიმე ნიშნით”, – აღნიშნავს გამრეკელაშვილი, არგუმენტს ეკლესიის მხრიდან არსებული ხელისუფლების მუდმივი მხარდაჭერის შესახებ კი ასე პასუხობს:

“პოზიცია, თითქოს ეკლესიას, ზოგადად, გააჩნია მთავრობისადმი ლოიალობის მოვალეობა ქრისტეს ან სახარების მხრიდან, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია. არსებობს უბრალოდ პავლე მოციქულის მოსაზრება, რომ ყოველი ხელსუფლება არის ღვთის დაშვებით იმგვარი, როგორიც არის და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობა არის ერთგვარი შემაკავებელი ბარბაროსობისა და ქაოსისა.

ამას რთულია, არ დავეთანხმოთ, თუმცა, სხვა მხრივ, ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ეკლესია მწვავედ უპირისპირდებოდა ხელისუფლებებს და ამგვარი მოსაზრების პროპაფანდაც [რომელიც მიტროპოლიტმა ანტონმა გახმიანა] ყველანაირად მცდარია”.

ამავე თემაზე

ილია II-ის “ჯადოსნური გავლენა” და პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ვიზიტები საპატრიარქოში

მასალების გადაბეჭდვის წესი