ახალი ამბები

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი წარედგინა

20 სექტემბერი, 2020 • 1013
პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი წარედგინა

2019 წლის ნოემბერში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას, შმაგი მუთოშვილს ბრალი დღეს, 20 სექტემბერს ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის ცნობით მუთოშვილს ბრალი წადგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის და 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

შმაგი მუთოშვილი გუშინ, 19 სექტემბერს დააკავეს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით ახლობლები მუთოშვილის დაკავებას მისი ძმის მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგაზე უარის თქმას უკავშირებენ.

საქმე ეხება 29 ივლისს სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას, რა დროსაც სახლში მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მურად ქავთარაშვილი მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის 2019 წლის ნოემბერში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფიგურანტია. სროლისას ვისური მუთოშვილი დაიღუპა, მურად ქავთარაშვილი კი ფეხში დაიჭრა.

პანკისის ხეობაში ორი გვარის შერიგება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს.

ისინი ერთამენეთს პანკისში ჰესების მშენებლობის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები კი ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი