ახალი ამბები

კასპში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

20 სექტემბერი, 2020 • 928
კასპში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

კასპში გუშინ, 19 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1958 წელს დაბადებული მ.კ, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი