ახალი ამბები

ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხარს უჭერენ – ლავროვი

18 სექტემბერი, 2020 • 1089
ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხარს უჭერენ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თინა კანდელაკის საავტორო გადაცემაში „სპეციალური სტუმარი“ განაცხადა, რომ საქართველოში ხედავს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა სურთ. ასევე, ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და განაცხადა, რომ რუსეთს არასფროს ჰქონია რაიმე განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დრო, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს, ლავროვმა უპასუხა, რომ დღეს არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთის ვიზის მისაღებად და ამისათვის ქართველებს შეუძლიათ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას მიმართონ, მან ასევე ისაუბრა უვიზო რეჟიმზეც. 

„ჯერ კიდევ შარშან ვიყავით მზად, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ინციდენტი რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფებოდა თბილისში“.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება. 

„დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები საქართველოსთან აღდგება. ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ, თუმცა ისინი, ასე ვთქვათ, პატარა პარტიების სახით არიან წარმოდგენილი მმართველ ელიტაში“.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ეს შეზღუდვა დღემდე ძალაშია.

რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა? ნახეთ, ნეტგაზეთის არქივიდან:

რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

მასალების გადაბეჭდვის წესი