ახალი ამბები

დავით ფურცხვანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

26 სექტემბერი, 2020 • 788
დავით ფურცხვანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლებით ისარგებლა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ფოტოები გაყალბებულია.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და იმ ადგილის კოორდინატების მიწოდება სთხოვა, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს – სოფელ მაწევანთან;
  • 7 სექტემბერს „სკაიპის“ საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები;
  • შემდეგ ეს ფოტოები იმეილით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა, ისე დაემუშავებინა, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, „თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული“;
  • გამოძიების ვერსიით, შვილი ასეც მოიქცა და გაყალბებული ფოტოები ფურცხვანიძეს იმეილით გაუგზავნა;
  • ფურცხვანიძემ whatapp-ით გაუგზავნა დამუშავებული ფოტოები მიხეილ რამიშვილს;
  • რამიშვილმა გამოძიებას ისინი მტკიცებულებად წარუდგინა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დავით ფურცხვანიძის მიერ მოწოდებული სატელიტის ფოტოები გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით არ მიუწოდებია. შესაბამისად, მისივე მოსაზრებით, ფურცხვანიძის დაკავება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდებით არასწორია.

რამიშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებენ ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად როგორც თავად რამიშვილი, ისე კოლეგების ნაწილი, რაც, მათ თანახმად, ამ პროფესიით მომუშავე სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი