ახალი ამბებისაზოგადოება

პირველი შეხება სკოლასთან… ონლაინ

15 სექტემბერი, 2020 • 2669
პირველი შეხება სკოლასთან… ონლაინ

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში და გარკვეულ რეგიონებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა კლასს, მათ შორის- დაწყებითებსაც, რაც ნიშნავს, რომ პირვეკლასელები თავიანთ პირველ სასწავლო წელს არა საკლასო ოთახებში, არამედ კომპიუტერებთან, ინტერნეტ-სივრცეში ხვდებიან.

ამ გადაწყვეტილებას მშობლების ნაწილი პროტესტით ხვდება, მათ დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. მშობლების ნაწილს არაერთი კითხვა აქვს: რამდენად რეალისტურია მთავრობის ამჟამინდელი პოზიცია, რომ დისტანციური სწავლა დროებით შემოდის და პროცესი პირველი ოქტომბრიდან სკოლებში განახლდება?  რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს პირველკლასელისთვის სწავლის ონლაინ დაწყებამ? იყო თუ არა შესაძლებელი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ონლაინ სწავლების თავიდან არიდება? როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

რატომ იწყება სწავლა ონლაინ?

11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ნებისმიერი სახის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერიდან ონლაინ რეჟიმში დაიწყებოდა.

მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მანამდე, რამდენიმე თვით ადრე ამბობდნენ, რომ სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო. 14 აგვისტოს კი განათლების სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც 15 სექტემბრისთვის მაღალი კლასების მოსწავლეებს შერეული სისტემით უნდა დაეწყოთ სწავლა, I-IV კლასის მოსწავლეებისთის კი გაკვეთილების ჩატარება უშუალოდ სკოლის შენობაში იქნებოდა შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოში ეპიდსიტუაცია გართულდა და დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების მატება. კერძოდ, 2 სექტემბრის შემდეგ საქართველოში Covid-19-ის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობდა, 11 სექტემბერს კი ვირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა. ეს რიცხვი საქართველოსთვის ანტირეკორდული მაჩვენებელი იყო.

სწორედ 11 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დიდ ქალაქებში სკოლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე არ განახლდებოდა, ამ პერიოდს კი გამოიყენებდნენ ეპიდსიტუაციის რისკების სწორი შეფასებისთვის.

“ეს პერიოდი ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში”, – განაცხადა გახარიამ.

სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან, დიდ ქალაქებში მაღალია ინტერნეტიზაციის დონეც, რაც სწავლის ჰიბრიდული მეთოდით დაწყებას შეუწყობს ხელს.

სწავლების განსხვავება ონლაინ და სკოლის შენობაში

განათლების მკვლევრის და საერთაშორისო და შედარებითი განათლების სპეციალისტის, ნათია მჟავანაძის თქმით, პირველკლასებისთვის სწავლის საწყისი ეტაპი არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ სხვადასხვა უნარის გამომუშავებისთვის და სოციალიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ამ უნარების მაქსიმალურად სრულფასოვნად გამომუშავებას კი დაწყებითი კლასების მასწავლებლები მოზარდებთან ინდივიდუალური მიდგომის შედეგად ახერხებენ, რაც ონლაინ სწავლების პირობებში რთულდება.

“ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებს მიჩვეულები არიან, თუმცა ვერ განვაზოგადებთ, ყველა ბავშვი ასე არ არის. ამასთან, ბავშვისა და მასწავლებელს შორის ონლაინ ემოციური კავშირების დამყარება ძალიან რთულია, რაც გამოწვევაა მასწავლებლებისთვისაც. ეს ყველაფერი კი ბავშვებზე აისახება. შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სწავლებისთვის მზაობა ორივე მხარის შემთხვევაში დაბალია”, – განმარტა მჟავანაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა ონლაინ სწავლებისას თავი იჩინოს, არის მასწავლებლების გადამზადების საკითხი. კერძოდ, მჟავანაძის განამარტებით, მასწავლებლების უმეტესობას ონლაინ სწავლება პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, ანუ “საკლასო ოთახში როგორც იყვნენ, ის გადმოიტანეს ონლაინაც”, რაც არ არის სწორი:

“დისტანციური სწავლება განსხვავდება საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილებისგან, მაგალითად, შეგვიძლია მოსწავლეებს წინასწარ გავუგზავნოთ სხვადასხვა თემატიკის მასალა, რომელსაც შემდეგ ონლაინ გაკვეთილისას ერთად განვიხილავთ. ეს გაზრდის მათ ჩართულობას და კონცენტრაციას. ასევე, იმისთვის, რომ ბავშვისთვის მსგავსი სწავლება საინტერესო გახდეს, მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს მეთოდები”, – განმარტა მჟავანაძემ.

მისი თქმით, ეს ტაქტიკა განსაკუთრებით გამართლებულია შედარებით მაღალ კლასებში, თუმცა, პირვეკლასელების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის, მაინც არ არის იმდენად პროდუქტიული, როგორც საკლასო სწავლება.

ამასთან, მჟავანაძის განმარტებით, ონლაინ სწავლებისას გასათვალისწინებელია ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც. მისი თქმით, ხშირად ბავშვებს არ აქვთ ცალკე გამოყოფილი სივრცე, საიდანაც მშვიდად ჩერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში. გარდა ამისა, მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ბავშვებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემო, საიდანაც ისინი ერთვებიან, რადგან შესაძლოა,  შედარებით დაბალი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ბავშვები სხვების მხრიდან დაცინვის და ჩაგვრის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სხვებისთვის მოსაწონი გარემო.

რაც შეეხება ონლაინ სწავლების ალტერნატივას, მჟავანაძის თქმით, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება შერეული სისტემა აღმოჩნდეს.

“თავიდან განათლების სამინისტრო ამბობდა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში სიარულს შეძლებდნენ გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა. მაგალითად, შეიძლებოდა ერთ სართულზე მხოლოდ ერთი კლასის მიღება, რაც ერთმანეთთან კონტაქტს შეამცირებდა. მსგავსი მიდგომა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების სწავლაშიც დაეხმარებოდა”, – განმარტა მჟავანაძემ.

ონლაინ სწავლების გავლენა ბავშვების ფსიქოლოგიაზე

ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი- პირველკლასელებისთვის, დისტანციური სწავლების სისტემა პრობლემურია, რადგან ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია და სოციალიზაცია, რაც ონლაინ გაკვეთილებისას რთულად მიღწევადი იქნება.

“ყველასთვის რთულია ის გამოწვევა, რის წინაშეც სკოლის მოსწავლეები დგანან, თუმცა განსაკუთრებულად რთულია ეს პროცესები პირველკლასელებისთვის. ყველაზე აქტიურად ბავშვების სოციალიზაცია ამ ასაკში იწყება, რაც ონლაინ სწავლებისას შეზღუდულია. ასევე რთული იქნება მასწავლებელთან კომუნიკაცია, რაც პირველკლასელი ბავშვისთვის გადამწყვეტია”, – განმარტა ცირამუამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ონლაინ სწავლებისას ბავშვებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა განსაკუთრებით გაუჭირდებათ, როდესაც მათ ჯერ არ აქვთ გამომუშავებული გარკვეული დისციპლინა. ამასთან, ცირამუას განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ბავშვები  ონლაინ სივრცეს სერიოზულად არ აღიქვამენ და ამ პროცესში აქტიურად ვერ ერთვებიან, რის გამოც შესაძლებელია მასწავლებელმა ბავშვების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ვერ მოახერხოს.

ცირამუას განმარტებით, პირველკლასებელისთვის ონლაინ სწავლებას ართულებს ისიც, რომ მსგავსი პრაქტიკა მასწავლებლების უმეტესობას აქამდე არ ჰქონია, გადაწყვეტილება ამის შესახებ კი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.

“აქამდე მასწავლებლებს უნდა გაევლოთ ტრენინგები, ფსიქოლოგებთან კონსულტაციები, რომ მომზადებულიყვნენ ონლაინ სწავლებისთვის. მაგალითად, მათ უნდა იცოდნენ, როგორ უნდა იმუშაონ ბავშვების კოგნიტური (გონებრივი), მოტორული (ფიზიკური), ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაზე მაშინ, როცა მათთან პირდაპირი შეხება არ აქვთ. მსგავსი გადამზადების გარეშე ამ პრობლემასთან შეჭიდება, ვფიქრობ, ორმაგად სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც”, – აღნიშნა ცირამუამ.

მისი თქმით, ონლაინ სწავლებამ, შესაძლოა, მცირეწლოვან ბავშვებში სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს, ასევე, სუსტად განვითარდეს მათი მოტორული და კოგნიტური უნარები, რაც არაა გამორიცხული, პრობლემური გახდეს რამდენიმე წელიწადში.

“ის, რაც პირველმა კლასმა უნდა მისცეს ბავშვს, ვერ მოხერხდება ონლაინ სწავლებისას და ეს აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, მის განვითარებაზე, როგორც გონებრივად, ასევე, ფიზიკურად. სამომავლოდ კი, როცა სწავლა სკოლის კედლებში გაგრძელდება, შეიძლება ბავშვებს ძალიან გაუჭირდეთ ადაპტაცია და ამან ემოციურად დიდი კვალი დატოვოს მათზე”, – განმარტა ცირამუამ.

ამასთან, ცირამუას თქმით, გაზაფხულის სემესტრის მიმდინარეობისას და მის შემდეგ, მასთან, როგორც ფსიქოლოგთან, განსაკუთრებით გაიზარდა მშობლების მიმართვიანობა ბავშვებში შფოთვისა და კომპიუტერულ ტექნიკაზე დამოკიდებულების კუთხით. მისი განმარტებით, ბავშვებში შფოთვის მომატების მიზეზი სახლში დიდი დროის გატარებაა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მშობლებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი, რომ ბავშვები ხშირად გაიყვანონ გარეთ და მათ გარემოს შეცვლაზე იზრუნონ, “ერთგაროვანი რჩევის მიცემა ყველა მშობლისთვის შეუძლებელია”.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში პირვალკლასებისთვის ონლაინ სწავლების ალტერნატივას, ცირამუას თქმით, ამ მხრივ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, თუმცა პირველკლასებელისთვის ონლაინ სწავლების სირთულეებიდან გამომდინარე ერთ-ერთ ალტერნატივად, შესაძლოა, მათთვის სწავლის ერთი წლით გადადებაც განიხილებოდეს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ონლაინ სწავლებასთან ადაპტირებაში

პირველკლასელებისთვის სწავლის ერთი წლით გადადებას ალტერნატივად არ მიიჩნევს დაწყებითი კლასების და “ტელესკოლის” მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი. მისი განმარტებით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, პირველკლასელებისთვის შესაძლოა ონლაინ სწავლება გარკვეულად სახალისოც კი გახდეს, თუ მშობლები და მასწავლებლები მათ სწორად მიაწოდებენ ინფორმაციას.

მაგალითად, ნანობაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბრონ იმაზე, თუ რა რთული შეიძლება იყოს მათთვის ონლაინ სწავლება, რადგან ეს საუბარი ბავშვებზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვაც გამოიწვიოს:

“რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა პირვეკლასელებისთვის სწავლის სასკოლო სივრცეში დაწყება, თუმცა, რადგან მათ სწავლა ონლაინ უწევთ, უნდა მოვერგოთ ამ სიტუაციას. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი – რამდენად სწორად ჩაერთვება ამ პროცესებში, რამდენად სწორად მიეხმარება. არ არის სასურველი, რომ ბავშვების გასაგონად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ “რა გვეშველება”, რომ ბავშვები უსწავლელები დარჩებიან. ასეთი ნეგატიური ფრაზები მათ გასაგონად არ უნდა ვთქვათ. შესაძლოა ეს პრობლემები განვიხილოთ სხვა მშობლებთან და მასწავლებლებთან, თუმცა მოვერიდოთ მსგავს ლაპარაკს ბავშვების თანდასწრებით იმიტომ, რომ ამით უარყოფით ემოციას გადავცემთ მოზარდებს”, – განმარტა ნანობაშვილმა.

მისი თქმით, მცირეწლოვან ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს მშობლის განწყობა, ამიტომ უნდა შეეცადონ, რომ ბავშვებს რაც შეიძლება დადებითად მიაწოდონ ონლაინ სწავლების შესახებ ინფორმაცია, რადგან თუ ბავშვი უარყოფითად განეწყობა ამ პლატფორმის მიმართ, ეს ხელს შეუშლის მას საგაკვეთილო პროცესებში ჩართვაში და ახალი ინფორმააციის ათვისებაში.

ამასთან, ნანობაშვილის თქმით, მშობლის როლი მნიშვნელოვანია უშუალოდ ონლაინ სწავლების პროცესშიც. მისი განმარტებით, სწავლის საწყის ეტაპზე მშობელი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული, მიეხმაროს მას როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე ემოციურადაც, თუმცა ეს არ უნდა გაგრძელდეს დიდი ხნის მანძილზე:

“თავდაპირველად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ერთად იყოს მშობელი, მიეხმაროს მას გაკვეთილის ტექნიკური მხარის მოგვარებაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მან მარტო უნდა დატოვოს ბავშვი თავის თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად. შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს ერთი კვირა, ზოგისთვის- მეტი ან ნაკლები. თავდაპირველად შეიძლება უთხრათ, რომ რაღაც საქმე გაქვთ და 10 წუთით გახვიდეთ, შემდეგ- მეტით და საბოლოოდ ბავშვი შეაჩვიოთ ამ პროცესებს”, – განმარტა ნანობაშვილმა.

მისი თქმით, პირველკლასელი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმ უნარების გამომუშავება, რომლითაც ის თავად ისწავლის, თუ როგორ უნდა იმეცადინოს და როგორ ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

რაც შეეხება სწავლის შერეულ მოდელს, ნანობაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ეს მოდელი შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვის, კერძოდ, ერთი მასწავლებლის ან მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსი შესაძლოა სხვა მასწავლებლებსაც გადაედოთ და სასწავლო პროცესის სრულად გაჩერება გახდეს აუცილებელი.

აღდგება სწავლა სკოლებში პირველ ოქტომბერს? – სამინისტროს პოზიცია

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატრეინე დგებუაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განმარტა, რომ სამინისტრო მზად იყო 15 სექტემბერს სწავლების სკოლის შენობებში დაწყებისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ეს პროცესები გადაიდო.

ეკატერინე დგებუაძე. განათლების მინისტრის მოადგილე. ფოტო: განათლების სამინისტრო

“ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ ყველა სკოლას ის სტანდარტი, რომელსაც სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო, დაეკმაყოფილებინა. დღეს შეგვიძლია ნებისმიერი სკოლის კარი შევაღოთ და ვნახავთ, რომ ყველა ის წესი, რომელსაც ჯანდაცვის სამინსიტრო გვიწესებს, არის დაცული. რთულია იმის თქმა, რომ სკოლების 100% იდეალურ მდგომარეობაშია, თუმცა შეგვიძლია თქმა, რომ სკოლების 80% არის მზად იმისთვის, რომ გამოწვევა მიიღოს”, – განაცხადა დგებუაძემ.

დგებუაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების გადაწყვეტილება მიიღო, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იყო. მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს აქვს იმ მასწავლებლების სია, ვინც ბოლო პერიოდის განმავლობაში ბათუმში იმყოფებოდა, რაც სწავლის გადადების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“ეს [სია] იყო მიზეზი, რადგან შეიძლება ჩვენ კიდევ უარესი სურათი დაგვხვდეს რამდენიმე დღის შემდეგ.”, – განაცხადა დგებუაძემ. რაც შეეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში სიარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა პირველი ოქტომბრიდან სწავლის სკოლის შენობაში გაგრძელება დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.

ჟურნალისტის კითხვაზ,  განახლდება თუ არა სწავლა პირველ ოქტომბერს, თუნდაც მხოლოდ პირვეკლასელებისთვის, განათლების მინისტრის მოადგილემ პირდაპირი პასუხი არ გასცა. დგებუაძის თქმით, მათ ჰქონდათ გულსწრფელი მოლოდინი, რომ 15 სექტემბერს სწავლას ყველა მოსწავლე დაიწყებდა სკოლის შენობაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“განათლების სამინისტროს თხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და დავიცვათ ყველა წესი, რომ ჩვენი შვილები პირველ ოქტომბერს წავიდნენ სკოლაში. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვებისთვის სკოლაში სიარული საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ დავიცვათ ყველა წესი იმისთვის, რომ პირველ ოქტომბერს წავიდეთ სკოლაში”, – განაცხადა დგებუაძემ.

დღეს, 15 სექტემბერს, მიმართვა გაავრცელა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მან აღნიშნა, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სწავლა სკოლის კედლებში პირველი ოქტომბრიდან აღდგება.

მშობლების აქცია

იმაში, რომ სწავლა სკოლაში პირველი ოქტომბრიდან გაგრძელდება, დარწმუნებულები არ არიან მშობლები, რომლებმაც დღეს, 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს. მით უმეტეს, რომ 11 სექტემბერთან (87 შემთხვევა) შედარებით, როდესაც გახარიამ სწავლის დისტანციურ რეჟიმში დაწყების შესახებ განაცხადა ეპიდვითარების არგუმენტიდან გამომდინარე, დღეს, 15 სექტემბერს COVID-19-ის შემთხვევები გაორმაგებულია (170 ახალი შემთხვევა).

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, რუსუდან კუჭოშვილის თქმით, მისი სამი შვილი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ოჯახში საკმარისი ტექნიკა არ აქვთ:

“ხშირად ხდება ხოლმე კონფლიქტი კომპიუტერის ან კარგი ტელეფონის გამო, რომ ბავშვებმა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა შეძლონ. ჩვენ ვითხოვთ, ბავშვები დააბრუნონ სკოლაში ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რაც მანამდე ჰქონდათ შემუშავებული, როგორც უცხოეთშია”, – უთხრა კუჭოშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ასევე უსამართლოა, როცა დისტანციურ რეჟიმზე სწავლის პარალელურად ჩვეულებრივ იმართება სამთავრობო, ხალხმრავალი ღონისძიებები.

კუჭოშვილის მსგავსად, ონლაინ სწავლების გაუქმებას ითხოვს აქციის კიდევ ერთი მონაწილე დარია ჩხიტუნიძე, რომლის ერთ-ერთი შვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეა. ჩხიტუნიძის თქმით, მის შვილზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება დისტანციური სწავლება:

“ასე ხელაღებით არ შეიძლებოდა სკოლებში სწავლის პირველ ოქტომბრამდე გადაწევა. მით უმეტეს, ამ სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება სწავლა არც პირველ ოქტომბერს დაიწყოს. აქედან ჩანს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განათლების სამინისტროს არავითარი გეგმა არ შეუმუშავებია. განსაკუთრებით რთულია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ჩემი შვილისთვის ეს პროცესები ძალიან სტრესულია, არ უნდა ონლაინ სწავლა, უნდა ბავშვებთან ერთად სკოლაში”, – განმარტა ჩხიტუნიძემ.

აქციის მონაწილეები დისტანციური სწავლის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ, რათა შემდეგ მიმართონ შესაბამის უწყებებს გადაწყვეტილების მისაღებად.

უცხო ქვეყნების გამოცდილება

ახალი სასწავლო წელი განსხვავეუბლად დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიაში, ისრაელში და შეერთებული შტატების ზოგ სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

იმ ქვეყნების დიდ ნაწილში, სადაც სასწავლო წელი მოსწავლეებმა სკოლის შენობაში დაიწყეს, ძირითადად სწავლის შერეულ სისტემას იყენებენ. მაგალითად, TIME-ის ინფორმაციით, გერმანიაში მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და სკოლაში სხვადასხვა დროს, ერთმანეთის მონაცვლეობით მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ გახსნილ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, გერმანია სწავლის სკოლის შენობაში გაგრძელებას პრიორიტეტად მიიჩნევს. კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ “ბავშვები პანდემიის შედეგად არ უნდა დაზარალდნენ”.

სწავლის დაწყებასთან ერთად სკოლები გაიხსნა ისრაელშიც, თუმცა, BBC-ის ცნობით,  მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის მორიგი ძლიერი ტალღა დაიწყო, ისრალმა საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვა ობიექტებთან ერთად სკოლები კვლავ დაიკეტა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანის ზოგიერთ სკოლაში სწავლა დისტანციურად, ზოგგან კი პირდაპირ სკოლის შენობაში დაიწყო. CNN-ის ინფორმაციით, გახსნილი სკოლების დიდ ნაწილში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, გარკვეული სკოლები დაიხურა, ზოგგან კი სწავლა მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი