ახალი ამბები

რა წესების შესრულება ევალებათ სკოლებს 15 სექტემბრიდან

14 აგვისტო, 2020 •
რა წესების შესრულება ევალებათ სკოლებს 15 სექტემბრიდან

საქართველოს განათლების  სამინისტროს ცნობით,   2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც  ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს  ითვალისწინებს. ეს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა  და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს  შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);

მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, ეს ეხება როგორც გაკვეთილების ხანგრძლიობას, ასევე, ცვლების ოდენობასა და დროს.

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში- მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან”, – ამბობს სამინისტრო.

სამინისტრო სასწავლო პროცესის დაგეგმვის ნიმუშსაც ავრცელებს, თუმცა სკოლებს თავად შეეძლებათ განსაზღვრონ სწავლების ფორმატი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი