ახალი ამბები

ყველაზე დიდი თანხა FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა

14 სექტემბერი, 2020 • 803
ყველაზე დიდი თანხა FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა

„ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით 193 465 აშშ დოლარი დაიხარჯა.

„ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტენდენციები “სამართლიანმა არჩევნებმა” შეაჯამა. ISFED-ის დაკვირვებით:

  • პოლიტიკური პარტიების, ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობას დეკლარირებული აქვს პოლიტიკური რეკლამები.
  • სავალდებულო ატრიბუტები, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით, მითითებულია თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის დეკლარირებულ რეკლამაზე.
  • მიუხედავად ავტორიზაციის გავლისა, ცალკეული საარჩევნო სუბიექტები, ზოგიერთ შემთხვევაში, არ ახდენენ რეკლამების დეკლარირებას ან დაგვიანებით დააკმაყოფილეს დეკლარირების მოთხოვნა.
  • პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ ანონიმურ და ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირების გარეშე კვლავაც ქვეყნდება. მათი უმეტესობა პოსტებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ასპონსორებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები, ასევე, დეკლარირების გარეშე ქვეყნდება.
  • საარჩევნო სუბიექტების ნაწილი „ფეისბუქზე“ რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდების ე.წ „დისქლეიმერი“ აქვთ, რაც ხარჯების იდენტიფიცირებას ართულებს.
  • ცალკეული პარტიები პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ მამრობითი სქესის „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის აქვეყნებენ.

ამ დროისთვის, ჯამში, ბიბლიოთეკაში 4 607 რეკლამაა აღრიცხული. ISFED-ის თანახმად, დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი “ფეისბუქის” მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა – ჯამში 47 800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.


საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. „ფეისბუქის“ წესების თანახმად, პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს, რომლებიც არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სავალდებულოა ჰქონდეთ შესაბამისი დეკლარაცია, ხოლო ამგვარი რეკლამის განმათავსებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (“Paid for by” disclaimer). ბიბლიოთეკა იძლევა ცნობებს იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა და რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა რეკლამა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით (ასაკი, სქესი, ლოკაცია). ეს მონაცემები „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ინახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი