ახალი ამბები

რურუას საქმის მოსამართლე სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა – TI

14 სექტემბერი, 2020 •
რურუას საქმის მოსამართლე სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა – TI

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას საქმეზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე მისი მიკერძოებულობის მოტივით უარი თქვა, რასაც ორგანიზაცია მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

“მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძლებს უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს. სამწუხაროდ, სასამართლო აღნიშნულ გზავნილებს უკვე საკუთარ გადაწყვეტილებებში მიუთითებს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა”, – შეშფოთებას გამოთქვამს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზს ეყრდნობოდა, 2020 წლის 24 იანვარს წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარადგინა მოსაზრება, უპასუხა მხარეთა შეკითხვებს და დამატებითი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი მოსაზრება იყო მიკერძოებული, დაცვის მხარის მხარდამჭერი და კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი.

“ეს შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში არ წარმოადგენს არავითარ დასაბუთებას ან მსჯელობას და მხოლოდ მადისკრეტირებელი და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლება. მოსამართლეს სრულად იგნორირებული აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობა და შეფასებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია იყენებენ  სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს და სასამართლოს საქმეებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს წარუდგენენ. შემაშფოთებელია, მოსამართლის ზედაპირული დამოკიდებულება სასამართლოს მეგობრის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. სათანადო დასაბუთების გარეშე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში გამოთქმული არგუმენტაციის შეფასებაზე უარის თქმა წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის უპატივცემულობას, კანონის მოთხოვნათა თვითნებურ ინტერპრეტაციას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას და უკიდურესად დამაზიანებელ  ქმედებას”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

არასამთავრობო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სტანდარტით, საფუძვლიანად შეისწავლის და შეაფასებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ არგუმენტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი