ახალი ამბები

დაკავებების ფონზე, მინსკში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ

13 სექტემბერი, 2020 • 1504
დაკავებების ფონზე, მინსკში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ

პოლიციის წინააღმდეგობისა და დაკავებების მიუხედავად, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში კვლავ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობები მოაწყვეს. დადასტურებულია ინფორმაცია 250 დაკავებულის შესახებ.

პროტესტის მეხუთე კვირას, აქციის მონაწილეები, შეძახილებით “დიდება ბელარუსს” მინსკის ცენტრში გადაადგილდებოდნენ. როგორც გასულ კვირებში, აქციაზე ახლაც დომინირებდა ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. აქციები გაიმართა ბრესტში, ჟოდინოსა და სხვა დიდ ქალაქებშიც.


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო 250 დაკავებულის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ გაზარდა პოლიციისა და სამხედროების წარმომადგენლობა ქუჩებში, რათა “აიცოლოს არალეგალური ქმედებები პროტესტის მონაწილე მოქალაქეებისგან”. აღნიშნულ ქმედებებს შორის კი უწყება ზემოაღნიშნული დროშის გამოყენებასა და გარკვეული შინაარსის ბანერებს ასახელებს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეომასალა, როგორ აკავებენ ნიღბიანი ძალოვნები აქციის მონაწილეებს. ქალაქ ბრესტში კი პოლიციამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.


“რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს თანახმად, აქტივისტთა ნაწილი მინსკში ინტერნეტის პრობლემების შესახებ იუწყებოდა. ინტერნეტთან წვდომის პრობლემა ბელარუსში იყო აქციების პირველ დღეებშიც, რასაც კრიტიკოსები განიხილავდნენ ხელისუფლების ტაქტიკად, შეეფერხებინა კომუნიკაცია პროტესტის ორგანიზებისას.

დღევანდელ დემონსტრაციებს წინ უძღოდა ქალთა მარში მინსკში, 12 სექტემბერს, რომელზეც პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა, შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში კი დემონსტრანტ ქალთა მოქმედებებს “ქალისთვის შეუფერებელი” უწოდა.

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი