ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს [ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე] რუსეთის მოქალაქე, მარატ კალამბოვი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.
ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კამბოლოვის წინამორბედი ალან გაგლოევი და მისი გუნდი კრემლმა ფინანსურ ნაწილში არასაკმარისი ნდობის გამო “მოიშორა” და კრემლში მუშაობა სიმბოლურად შესთავაზა.
ვინ არის რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი, რომელსაც მოსკოვი ენდობა?
რუსული სახელმწიფო მედიასააგენტოების ცნობით, მარატ კამბოლოვი 1965 წლის 2 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთის ირაფის რაიონის სოფელ ხაზნიდონში (დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია) დაიბადა.
მან 1990 წელს დაამთავრა გორსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1995 წელს – რუსეთის მთავრობის სახალხო მეურნეობის აკადემია, ხოლო 1998 წელს – მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი, იურისტის სპეციალობით.
კამბოლოვი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რუსეთის ფედერაციაში სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეგულირება“.
კარიერა
კამბოლოვი 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1986-1990 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა კომკავშირის (ВЛКСМ) სტრუქტურებში და რაიკომის მეორე მდივნის პოსტიც ეკავა. 1990-1991 წლებში იყო ბიზნეს-თანამშრომლობის ცენტრის გენერალური დირექტორი.
1991-1995 წლებში მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის კომიტეტის მთავარ სპეციალისტად.
1995-1997 წლებში ხელმძღვანელობდა განყოფილებას და დეპარტამენტს რუსეთის ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში.
1997 წელს დაინიშნა რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, მოგვიანებით კი, პირველ მოადგილედ. აღნიშნულ ინსტიტუტში 2003 წლამდე საქმიანობდა.
2004-2005 წლებში იყო რუსეთის ფედერალური სააგენტოს მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში ხელმძღვანელის მრჩეველი, ხოლო 2005-2010 წლებში – სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.
2010-2014 წლებში მუშაობდა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილედ.
2014 წელს საქმიანობა გააგრძელა კურჩატოვის ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა. 2021-2025 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2025-2026 წლებში – პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობაში
2026 წლის 27 მაისს კამბოლოვი ალან გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. მას დაევალა 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” განხორციელების კოორდინაცია.
8 ივნისს გაგლოევმა კამბოლოვის კანდიდატურა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.
16 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა კამბოლოვის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი – სხდომაზე დამსწრე 32-ვე დეპუტატმა მას ხმა მისცა. იმავე დღეს პრეზიდენტმა მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. კამბოლოვმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ძამბოლატ თადტაევი, რომელიც ამ თანამდებობას 2026 წლის თებერვლიდან იკავებდა.
ჯილდოები
მარატ კამბოლოვი დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის მეგობრობის ორდენით (2012) და ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ IV, III და II ხარისხით (2014, 2018 და 2026 წლებში).
რუსეთთან თანამშრომლობა და დემოგრაფიული პრობლემები – კამბოლოვის პრიორიტეტები
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვისას მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მოსახლეობის შემცირებაა”.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში “სამხრეთ ოსეთმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა, რაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”.
კამბოლოვმა ასევე ისაუბრა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარების გეგმების შესახებ. მისი განცხადებით, იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, ხოლო ჯანდაცვის სისტემისთვის შემუშავდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.
გამოსვლისას კამბოლოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს”.
„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. სწორედ რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კამბოლოვმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
