ახალი ამბები

“აგრესიული ქალი დემონსტრანტების” ქცევა ქალთათვის შეუფერებელია – ბელარუსის შსს

13 სექტემბერი, 2020 • 769
“აგრესიული ქალი დემონსტრანტების” ქცევა ქალთათვის შეუფერებელია – ბელარუსის შსს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრესიულად და “ქალისათვის შეუსაბამოდ” მიიჩნევს ქმედებებს ბელარუსელი ქალი დემონსტრანტების მხრიდან, რომლებიც 1 თვეზე მეტია, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ. ბოლო მარში მათ 12 სექტემბერს გამართეს, რასაც შსს-ს კრიტიკა მოჰყვა.

“და ახლა ამ აგრესიული დემონსტრანტი ქალების შესახებ. სამარცხვინოა ამის ყურება: ყვირილი, კივილი, ჭყლეტა… ეს საქციელი ქალისთვის შეუსაბამოა”, – წერია ბელარუსის შსს-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული განცხადების ბოლოს.

პოლიციამ მინსკში, 12 სექტემბერს გამართულ მშვიდობიან მარშზე, ათობით ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები, სხვა შეძახილებთან ერთად, სკანდირებდნენ დაკავებული ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას მხარდამჭერ ლოზუნგებს, რომელსაცა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. აქტივისტებისა და მედიის ცნობით, ოფიციალურ პირებს კოლესნიკოვას უკრაინაში გაძევება სურდათ, თუმცა მან საზღვარზე პასპორტი დახია და ასე შეეწინააღმდეგა ძალოვნებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ნიღბიანი ძალოვნები ქალთა ჯგუფების დაშლას. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოხსნეს დემონსტრანტებმა რამდენიმე მათგანს ნიღბები, რის შემდეგაც ძალოვნები განზე გადგნენ. პოლონეთში დაფუძნებული  “ბელსატის” თანახმად, რომელიც ბელარუსში მიმდინარე პროცესებს აშუქებს, დაკავებულია მისი ორი ჟურნალისტიც.

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი