ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველომ „ყვითელ ზონაში“ გადაინაცვლა – რას ნიშნავს ეს და რა რჩება „წითლამდე”?

11 სექტემბერი, 2020 • 2639
საქართველომ „ყვითელ ზონაში“ გადაინაცვლა – რას ნიშნავს ეს და რა რჩება „წითლამდე”?

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, თანდათანობით მოიმატა ინციდენტობამაც — ის ახლა, ორკვირიან შუალედში, 100 000 მოსახლეზე 10.2-ს შეადგენს. რას ნიშნავს ეს, რას უნდა ელოდოს მოსახლეობა და როდის შეიძლება ქვეყანა „წითელ ზონაში“ აღმოჩნდეს?

ინციდენტობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითაც ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებას ზომავენ, ინციდენტობაა, ანუ, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების რიცხვი გარკვეული დროის მონაკვეთში. კოვიდპანდემიის პირობებში საორიენტაციოდ იღებენ 2-კვირიანი მონაკვეთში Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ყოველ 100 000 მოსახლეზე.

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 7 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გააანალიზეს ზაფხულისა და სექტემბრის პირველი კვირის ინციდენტობის მაჩვენებლები და ასეთი შედეგი მიიღეს:

„თუ ივნისის პირველ კვირაში გვქონდა 100 000 მოსახლეზე 0.7 ინფიცირებული, აგვისტოში გვაქვს 1.2, სექტემბრის პირველ კვირაში კი გვაქვს 5.3, რაც მიანიშნებს იმას, რომ გვაქვს ზრდის ტენდენცია“.

10 სექტემბერს კი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ორი კვირის მონაცემებით — 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით — 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში არის 10.2 დაინფიცირებული.

ინციდენტობის შუქნიშანი

როგორც ამირან გამყრელიძემ 7 სექტემბერს ბრიფინგზე განმარტა, საქართველო მისდევს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) „შუქნიშნის“ პრინციპს, რომელიც ინციდენტობას ეფუძნება.

„კორონავირუსის სამფეროვანი შუქნიშნის“ პრინციპი ასეთია: არსებობს მწვანე, ყვითელი (ან ნარინჯისფერი) და წითელი ზონები, რაც ინციდენტობის მაჩვენებლებს ებმის. კერძოდ:

  • „მწვანე ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს;
  • „ყვითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს;
  • „წითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს;

როგორც გამყრელიძემ 7 სექტემბერს თქვა, „სამფეროვანი შუქნიშნის“ მიხედვით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში იყო (სექტემბრის პირველი კვიროს მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 5.3 დაავადებულით).

თუმცა შემდეგ დღეებში ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ 40-ზე მეტი პაციენტით იმატა და 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 1 830 შემთხვევაა დადასტურებული. ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე ინციდენტობა კი უკვე 10.2 იყო. ეს რიცხვი „ყვითელ ზონაში“ შესვლაზე მიუთითებს. ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული 11 სექტემბრის სტატისტიკა, კერძოდ, 87 ახალი შემთხვევა, რაც საქართველოსთვის დღიური გამოვლენის რეკორდული მაჩვენებელია.

10 სექტემბერსვე „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 10.2-იანი მაჩვენებლის საქართველო ყვითელ ზონაში გადავიდა. „გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში“, – თქვა მან.

აჭარა „წითელ ზონაში“

მარინა ეზუგბაიამ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4 იყო, — რაც ნიშნავს, რომ აჭარა „წითელი ზონაა“, — 10 სექტემბერს კი, ეზუგბაიას თანახმადვე, ინციდენტობა აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაზრდილი იყო — 52.9-მდე.

„წითელი ზონის“ რისკი ქვეყანაში

როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, „ყვითელი ზონა“, — ანუ 100 000 მოსახლეზე 10-დან 30 ინფიცირებულამდე მაჩვენებელი — რეალურ რიცხვებში, ორი კვირის შუალედში გულისხმობს 370-დან 1100-მდე ინფიცირებულს.

ეს ნიშნავს, რომ თუკი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 100-ს გადააჭარბებს, საქართველო უკვე „წითელ ზონაში“ შევა.

აქედან გამომდინარე, უხეში დაშვებით, საქართველო „წითელ ზონაში“ აღმოჩნდება, თუკი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, საშუალოდ, 79 ადამიანის ინფიცირება დადასტურდება.

ზრდის მიზეზი – მობილობის ზრდა

როგორც ამირან გამყრელიძემ 9 სექტემბერს განაცხადა, ის დინამიური ზრდა, რაც 2 კვირაში შეინიშნება, „პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში მობილობის ზრდასთან, როცა ადგილობრივ ტურიზმს მიეცა მეტი გასაქანი“.

„ინფექცია ქვეყანაში ყველა ეტაპზე ცირკულირებდა სხვადასხვა ინტენსივობით, და ეს ინტენსივობა გაზრდილია. ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოში, ეს მოსალოდნელი იყო, — როცა გაზრდილია მობილობა, აჭარაში განსაკუთრებით. ამიტომაც დაიწყო ეს აჭარიდან, — იქ ადამიანების ძალიან დიდი მასა შეიკრიბა. გარდა მაგისა, იქ იყო დიდი ლოკალური თავშეყრები კლუბებში, გასართობ ადგილებში, სადაც ელემენტარული რეკომენდაციები არ იყო დაცული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, წამყვანი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ეს დამშვიდებულად ყოფნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს მოქალაქეებს.

„ეს მეორე ტალღა არ არის“

როგორც 10 სექტემბერს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, „არ ვამბობთ, რომ ეს მეორე ტალღაა“: „მეორე ტალღაზე საუბარი მოსალოდნელია [მაშინ], როდესაც იქნება ზამთრის სეზონი, როდესაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მოხდება თანხვედრა ამ სეზონური ინფექციებისა კოვიდ-19-თან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს ძალიან მძიმე ტვირთად არ დააწვება:

„მთავარია, ასეულობით არ დაგვეწყოს შემთხვევები“.

მას შემდეგ, აჭარაში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირებულთა რიცხვმა, ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, ფიქრობდნენ თუ არა აჭარის „ჩაკეტვაზე“, რაც მან უარყოფითად უპასუხა და განაცხადა:

„ზოგადად, ჩაკეტვის პოლიტიკა თანდათან მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება“.

„დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ამ ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ ბალანსირებული პოლიტიკა: ერთი მხრივ სწრაფი გამოვლენა და მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება და მართვა, მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიამ 10 სექტემბერს მოქალაქეებს ვირუსისგან თავდასაცავი ღონისძიებები შეახსენა: „თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს. ყველამ უნდა შეასრულოს რეგულაციები — პირბადის ტარება, დისტანცირება (მათ შორის გარეთა პერიმეტრებზეც), ასევე, თუ გარეთაც შეუძლებელია დისტანცირება, პირბადის ტარება გარეთაც; პირადი ჰიგიენა კარგად უნდა იქნას დაცული და დაწესებულებებში სანიტარული ზომები უნდა იქნას სწორად მიღებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი