ახალი ამბები

გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს

8 სექტემბერი, 2020 • 2648
გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს. დაკარგული მოზარდის მამა აცხადებს, რომ შესაძლოა ბიჭი ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს:

“არავითარი მოწმე, სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა” – აღნიშნა ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა (თარგმანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”).

ოჯახი დღეს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. შს მინისტრთან მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, მოზარდის დედამ განაცხადა, რომ კითხვები ბავშვის გატაცების ვერსიასთან დაკავშირებიტ გამოძიების მიმდინარეობაზეც ჰქონდათ, რაზეც შსს-ში განუცხადეს, რომ ძიება ყველა შესაძლო მიმართულებით მიმდინარეობს:

“ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მისი კვალი არსად ჩანს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, შესაძლოა თუ არა ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ” – ამბობს ილია ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი (თარგმანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”).

ილია 18 ივლისს სვანეთში, სოფელ ლენჯერში გაუჩინარდა. ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა, ამის შემდეგ კი მოზარდი არავის უნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი