ახალი ამბები

13 წლის ილიას შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც ეძებენ

27 ივლისი, 2020 • 1412
13 წლის ილიას შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც ეძებენ

13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-10 დღეა მაშველები, პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ. ბიჭი ბოლოს სვანეთში, სოფელ ლენჯერში ნახეს. ის საკუთარი სახლიდან ველოსიპედით გავიდა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თქვეს, რომ მოზარდს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც ეძებენ.

როგორც ნეტგაზეთს ოჯახის ნათესავმა, ანანო ფილფანმა უთხრა, ჯერჯერობით მოზარდის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით სიახლეები ოჯახს არ აქვს.

მოზარდი სვანეთში მამასთან ერთად ცხოვრობდა, სადაც საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა. მანამდე კი დედასთან ერთად ყაზახეთში ცხოვრობდა. ილიას დედა ამჟამად საქართველოში, სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

„ფორმულას“ ის უყვება, რომ შესაძლოა, ილია თბილისშიც იყოს. დედის თქმით, მოზარდი არაერთხელ ყოფილა დედაქალაქში, ამასთანავე, აქვე ცხოვრობს მისი მამიდა, რომლის მისამართიც ილიამ იცის.

ილია ფილფანის დაკარგვის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთხელ დაიწერა, რომ მსგავსი გარეგნობის ბავშვი თვითმხილველებმა ბათუმსა და ურეკში ნახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ მოზარდის ძიება შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება სვანეთში ძიებას – სამძებრო სამუშაოებში 80 მაშველი, ვერტმფრენი და დრონები იღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი