ახალი ამბები

სუდანის მთავრობა დათანხმდა სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას

5 სექტემბერი, 2020 •
სუდანის მთავრობა დათანხმდა სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას

სუდანის გარდამავალი მთავრობა სახელმწიფოსა და რელიგიის ერთმანეთისგან გამიჯვნას დათანხმდა. შესაბამის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად აღიქმება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ერთ-ერთი ამბოხებული ჯგუფის ლიდერმა ეთიოპიის დედაქალაქში მოაწერეს ხელი.

“სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს ოფიციალური რელიგია. არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს დისკრიმინირებული თავისი რელიგიის გამო”, – წერია დოკუმენტში “ამერიკის ხმის” თანახმად.

შეთანხმებაში ასევე მითითებულია, რომ:

სუდანში სხვადასხვა რასის, ეთნიკურობის, რელიგიისა და კულტურის ადამიანები ცხოვრობენ. უნდა დადასტურდეს ამ მრავალფეროვნების სრული აღიარება”.

“იმისათვის, რომ სუდანი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია, კონსტიტუცია უნდა დაეფუძნოს “რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის” პრინციპს…”

დოკუმენტის ხელმოწერამდე ერთი კვირით ადრე, სუდანის მთავრობამ წარადგინა სამშვიდობო შეთანხმება ამბოხებულ ძალებთან, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ დასრულდება კონფლიქტი ქვეყნის რიგ რაიონებში. დაპირისპირება გასულ წელს გადაყენებული დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის დროს დაიწყო.

ერთ-ერთი მსხვილი დაჯგუფება, “ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობა – ჩრდილოეთი”, რომელიც სასაზღვრო რეგიონებში ებრძოდა სუდანის არმიას, უარს აცხადებდა ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც სეკულარული სისტემის ჩამოყალიბებას არ მოიცავდა. ზემოაღნიშნული შეთანხმება, სეკულარიზმის დათქმით, სწორედ ამ დაჯგუფებასთან შედგა.

სუდანის გარდამავალი მთავრობა მას შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, რაც გასულ წელს არმიამ თანამდებობიდან გადააყენა ომარ ალ-ბაშირი: დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 30 წელი მართავდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მასშტაბური აქციები მის წინააღმდეგ.

სუდანში შარიათის კანონმდებლობა 1983 წელს წარადგინეს, რომელმაც ალ-ბაშირის დროს მეტად მკაცრი ხასიათი შეიძინა.

ფოტო გარეკანზე: AP

მასალების გადაბეჭდვის წესი