ახალი ამბები

FBI გამოძიებაში ერთვება, როცა საქმე აშშ-ის მოქალაქეს ეხება ან აშშ-ის ინტერესია – დეგნანი

4 სექტემბერი, 2020 • 986
FBI გამოძიებაში ერთვება, როცა საქმე აშშ-ის მოქალაქეს ეხება ან აშშ-ის ინტერესია – დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება გამოძიების პროცესში, როცა საქმე აშშ-ის მოქალქეს ეხება ან ქვეყანას აქვს გარკვეული ინტერესი. ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეხებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნას, FBI ჩართულიყო საგამოძიებო პროცესში.

“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. მართლაც ძალიან ვწუხვარ. ეს უდიდესი ტრაგედიაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომელიც შვილს კარგავს. ვხვდები, თუ რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ეს ოჯახი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით და მათ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცავი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება აშშ-ზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას პროცესებში, ეს ხდება მაშინ, როცა საკითხი ეხება ამერიკის მოქალაქეს ან ამერიკული ინტერესესია. სხვა მხრივ მათი იურისდიქცია აშშ-ის გარეთ ძალიან შეზღუდულია”,-ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი.

გუშინ, 3 სექტემბერს, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა:

“FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვები. როგორც განგვიცხადეს, შესაბამის ატაშესთან ჰქონდათ კომუნიკაცია თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გვითხრეს, FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არ არის.”

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ აშშ-ის საელჩოსთან აქციაც გამართეს, რის შემდეგაც, 4 აგვისტოს ოჯახს საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი