ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდნენ

4 აგვისტო, 2020 • 1629
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებმაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრისა და გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აქცია გამართეს, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” საელჩოში განუცხადეს, ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს და გამოძიებაში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნეს. საელჩო განმარტავს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საქართველოში მიმდინარე გამოძიებაში ვერ ჩაერთვება, თუ სახელმწიფოსგან ოფიციალურ მოთხოვნას არ მიიღებს.

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვს.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

მასალების გადაბეჭდვის წესი