ახალი ამბები

გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის პოსტი დატოვა

31 აგვისტო, 2020 • 1904
გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის პოსტი დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულება მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა შეითავსა, რომელიც აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმოამდგენლებთან.

მათივე ცნობით, გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევები მოამზადა და შეიმუშავა სტრატეგია, თუმცა “ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში, აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის”.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითრების პროგრამას სერგი გვარჯალაძე 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

2018 წლის მარტში, გვარჯალაძის აღნიშნულ პოსტზე წარდგენისას, კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობდა საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.

“მნიშვნელოვანი საკითხია ღამის ეკონომიკის განვითარება, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მგონია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს არის სიახლე და ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისშიც უნდა დაეთმოს ამას ყურადღება”,- ამბობდა მაშინ კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი